დღეს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ნინო სუხიშვილის დაბადების დღეა. 15 ნოემბერს მას 60 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, თვალი გადავავლოთ მის პირად და პროფესიულ ცხოვრებას, რომელიც ბევრი საინტერესო პასაჟითაა დატვირთული.
“მერე რა, გოგო შვილიშვილიც შვილიშვილია”, – ეს სიტყვები დიდ ილიკო სუხიშვილს ნინოზე უთქვამს, როცა მისი დაბადებისას ბიჭს ელოდებოდნენ. ნინო ამბობს, რომ, რადგან ეს მომენტი თავად არ ახსოვს, არც წყენად დარჩენია გულში.
“რვა წლის ვხდებოდი, როცა ჩემი ძმა დაიბადა, ეს მომენტი უკვე კარგად მახსოვს და მახსოვს ისიც, როგორც ამბობდნენ მამაჩემი და ბაბუაჩემი, ისეთი გოგო გვყავს, ათ ბიჭს გვირჩევნიაო…
იმის გამო, რომ გოგო ვარ, ოჯახში თავი დაჩაგრულად არასდროს მიგრძნია. ილიკო ჩემთვის ყველაფერია, ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ცხოვრებაში. რაღაც განსაკუთრებული და-ძმის სიყვარული გვაქვს. ეს, ალბათ, ნორმალურია – ასეც უნდა იყოს, უბრალოდ ჩვენ საქმეც გვაერთიანებს”, – ამბობდა ნინო სუხიშვილი.
“არასდროს დაუძალებიათ, – უნდა იცეკვო, გააგრძელო ჩვენი საქმეო… თვლიდნენ, რომ ეს ჩვენ უნდა გვნდომებოდა და ჩვენში ამის მონაცემი დაენახათ. ბევრს ჰგონია, რომ მე და ილიკომ ეს საქმე ლანგრით მივიღეთ. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ამის მტკიცება, პირველ რიგში, მშობლებისთვის გვიწევდა და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო…
იმ დროს, როდესაც მე ცეკვა მინდოდა, ანსამბლში ძალიან მაღალი გოგონები იყვნენ. სხვა სტანდარტი იყო და ვერ ვბედავდი, მათ გვერდზე მე როგორ უნდა დავმდგარიყავი. ცეკვის დაუოკებელ სურვილს ისე ვიკმაყოფილებდი, რომ ქეიფების მოცეკვავე ვიყავი. ყველაფერს ვცეკვავდი. ოღონდ, ხომ იცით, რომ ერიდებათ საცეკვაოდ ადგომა, მე არ მერიდებოდა, ოღონდ მუსიკის ხმა გამეგონა, ეგრევე ვდგებოდი და ვცეკვავდი ხოლმე. მამაჩემი სულ დამცინოდა, – ქეიფების მოცეკვავეს მეძახდა”, – იხსენებდა ნინო.
ნინო სუხიშვილისთვის პირველი ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. კითხვაზე, ჰყოლია თუ არა ისეთი ადამიანი, რომ ეფიქრა: ნეტა არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ნეტა არ გამეცნოო, ნინო ამბობს, რომ ეს მისი პირველი მეუღლეა:
“კი არის, ჩემი პირველი მეუღლე. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პერიოდით, რომ მე თვითონ დავიწყებული მაქვს. ძალიან ადრე იყო, “სხვა ცხოვრებაში“ და ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ თითქოს ეს სხვისი ცხოვრება იყო. თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი და ჩემს თავს არ ხდებოდა. აღარც მინდა გახსენება. ძალიან ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან”, – ამბობდა ნინო სუხიშვილი.
ნინო სუხიშვილმა მეორე ბიზნესმენ ზურაბ ლეჟავაზე იქორწინა. წყვილს ქორწინებაში შვილი არ შესძენია, თუმცა ნინო ამბობდა, რომ საკუთარი შვილების მაგივრობას ძმისშვილები უწევენ:
· „90 წლის ხდებოდა ბებია, როდესაც მითხრა…“ – ნინო სუხიშვილი ბებიას იხსენებს
“მე არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი, თუმცა ვთვლი, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, ასე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ალბათ, ამისთვის ვერ მოვიცლიდი. თუმცა, უნდა გითხრა, რომ მე ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები. მე და ილიკოს გვყავს ორი გოგო. ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან. მე გავზარდე, განსაკუთრებით, ერთი, რომელიც დღესაც ჩემთან ცხოვრობს. მეორე საზღვარგარეთ სწავლობს. ფაქტობრივად, ილიკოს შვილები ჩემი შვილები არიან…”
ზურაბ ლეჟავა 2022 წელს მძიმედ დაშავდა, როცა წყნეთიდან თბილისში ელექტროსკუტერით ბრუნდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რას საქმიანობს ნინო სუხიშვილი, ამას ბევრი განმარტება არ სჭირდება – ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად “სუხიშვილების” ხელმძღვანელია.
ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი “რამიშვილები”;
მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ “რამიშვილებისა” და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: “ქართული ნაციონალური ბალეტი”, “სოლიკო ვირსალაძე”, “ილიკო სუხიშვილის მოგონებები”.