ნინო სურგულაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
ნინო დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში, სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან. მისი საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში. მან ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010), ასევე, ქართულ ფილმებში – ვალსი პეჩორაზე და მეტიჩარა.
ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდის Desire Tree-ის დამფუძნებელი, რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერა.
გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპის მშობლები გახდებოდნენ:
“რასაც უნდა აკეთებდეს ქალი, უპირველესად, ქალად უნდა იგრძნოს თავი – მე მეუღლეში ძალიან გამიმართლა… გენეტიკურად ტყუპები არც ერთს გვყავდა, ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია – ნატალია და ზაქარია” – ამბობდა მომღერალი.
“ახლა ყველაფერს სულ სხვანაირად ვაცნობიერებ და ვაფასებ, რადგან უფალმა დედობის ბედნიერება მეც მომანიჭა. 30 წელზე მეტია, სცენაზე ვდგავარ და უამრავი სითბო გაუზიარებიათ ჩემთვის, მაგრამ დედის მიმართ გაზიარებული სითბო სხვაგვარად ტკბილი ყოფილა. ახლა ჩემი შვილები მატკბობენ ამ უჩვეულო და ყველაზე ძვირფასი სითბოთი. მინდა ყველა დედა იყოს ბედნიერი და მათ თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი ყოფილიყოს”, – ამბობდა ის.
ნინო სურგულაძის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, გივი ინწკირველის შვილიშვილია.
„ნორმა“ იტალიელი ვინჩენცო ბელინის ერთ-ერთი პოპულარული ოპერაა, რომელიც 1831 წლის 26 დეკემბერს მილანის Teatro alla Scala-ში დაიდგა.
„ფაუსტის წყევლა“ ფრანგული მუსიკალური ნაწარმოებია, სრული შვიდხმიანი გუნდისთვის, დიდი ბავშვთა გუნდისა და ორკესტრისთვის. შეიქმნა ფრანგი კომპოზიტორის, ჰექტორ ბერლიოზის მიერ. მან მას „ légende dramatique“ („ დრამატული ლეგენდა “) უწოდა. იგი პირველად შესრულდა პარიზის „ოპერა-კომიკში“ 1846 წლის 6 დეკემბერს.
ოპერა „კარმენი“ ფრანგმა კომპოზიტორმა ჟორჟ ბიზემ ანრი მელიაკის და ლუდოვიკ ჰალების ლიბრეტოს მიხედვით შექმნა, რომელიც თავის მხრივ პროსპერ მერიმეს ერთსახელიან ნოველას ეყრდნობოდნენ. „კარმენის“ პრემიერა პარიზში, Opera-Comique-ის სცენაზე 1875 წლის 3 მარტს შედგა და წარუმატებელი იყო. ბიზე მალევე გარდაიცვალა და არ მოსწრებია თავისი ოპერის დიდ აღიარებას.
„ფაუსტი“ ხუთმოქმედებიანი გრანდიოზული ოპერაა, რომელიც შარლ გუნოს ეკუთვნის. მისი დებიუტი შედგა პარიზის „ლირიკის თეატრში“ , ტამპლის ბულვარზე, 1859 წლის 19 მარტს.
პუშკინის კლასიკური პიესა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინტერპრეტირებული ნაწრმოებია მსოფლიო ლიტერტურში. არაერთი საოპერო და თეატრალური დადგმისა თუ კინოეკრანიზაციის მიუხედავად, ტატიანა ლარინასა და ევგენი ონეგინის სევდიანი სიყვარულის ისტორია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში.