“ბაღდათში მამა და სამი შვილი რომ ჩაიყოლა მიწამ, ტყუპი გოგონები და მათი ძმა, მაგათი დედა თურმე წლებია ემიგრანტია იტალიაში. ახლა ბრუნდება უკან, სამშობლოში, ოჯახის დასაკრძალად.
ხომ ისედაც ტრაგიკული ამბავია, მაგრამ ამ დეტალმა მთლად გული მომიკლა. ამ დაბეჩავებული ქვეყნის და ხალხის ბედისწერის აღწერა რომ მოუნდეს რეჟისორს, ფილმის სიუჟეტად რომ გამოდგებოდა ისეთი ამბავია ეს. მთელი ჩვენი ყოფის ტრაგიზმი ჩანს.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მახსენდება ემიგრაციის იმ დიდ ტალღამდე როგორ ჩანაგდებოდა და ღატაკდებოდა ქვეყანა. ქარხნები ჯართად რომ იშლებოდა და თურქეთში იყიდებოდა, ძვირფასი აღჭურვილობა და დანადგარები ნაწილებად რომ გაჰქონდათ საზღვარზე, უზარმაზარ შენობებს პრივატიზაცია რომ გაუკეთეს და კუპონებად, ანუ ცარიელი ქაღალდის საფასურად ისევ მაშინდელი ძელეცები, ცეხავიკები, ბაზის დირექტორები და ათასი ჯურის ჩალიჩმაისტერი რომ დაეუფლა. ზოგი კი იმაზეც წავიდა, რომ მარტო ქვეყნის ქონება კი არა, პირდაპირ ხალხის ფული მიითვისა, ანაბრებს მოკიდა ხელი და სხვისი გაღატაკების ხარჯზე გამილიონერდა. ყველა ასეთი ადამიანის წვლილია ამ თუ შედარებით უფრო პატარა ტრაგედიებში, ბევრი ოჯახის დანგრეულ ცხოვრებაში და კონკრეტული ადამიანების გაუბედურებაში.
არ ვარ მომხრე რომ მამის ცოდვები შვილს მოეკითხოს, არც საერო და არც ღვთის სამართალით. მირჩევნია ყველამ თავისი ცხოვრებით და თავის სიცოცხლეშივე აგოს პასუხი თავის მიქარულზე, მაგრამ მაინც მიუღებლობა მჭირს ამ ტიპების ასე ნაშოვნი ფულებით ევროპაში განათლება მიღებული შვილების სტარტაპების და ბიზნესების რეკლამა როცა მხვდება ხოლმე. ცნობილი გადაცემების სტუმრობა, მათზე სიუჟეტები, თბილისელი ჩიკების აღტაცება და მათთან დაქალობა, მათი ლაქშერული ცხოვრების თუ პომპეზური ქორწილებიდან ყვითელ პრესაში დაბეჭდილი ფოტოები და ხალხის აღფრთოვანება, ფორბსში მათთან დაბეჭდილი ინტერვიუებიც არ შველის იმას რომ პირველი ემოცია მათ დანახვაზე – მოგ**ან მამიკოს მოპარული ფულებით აწყობილი ეგ ევროპული ცხოვება მეთქი, არ მქონდეს. ვიყიდდი კი არა ნაჩუქარსაც არასდროს გავიკეთებდი ეშვის სამკაულს, როცა ვიცი რომ უამრავი გაუბედურებული ადამიანის ცრემლი, ტანჯვა და დანგრეული ცხოვრებების კარმა მოყვება შლეიფად ამ სამკაულს. მე გული აღარ მიმდის.
თქვენ არ თვლით რომ ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან? გასაგებია რომ ყველა ექვთიმე ვერ იქნებოდა და დამოუკიდებელი საქართველოს დასაწყისშივე, იმ ქაოსში, არეულობაში, დაბნეულობაში, ბევრი რამის არ ცოდნაში და უამრავ შეცდომაში ქვეყანას ყველა ვერ უპატრონებდა, მაგრამ რასაც ესენი სჩადიოდნენ ეს იმ დროისთვისაც რომ კრიმინალი იყო და არა ‘შეცდომა’ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ იმათაც და თქვენც ხომ იცით? “დრო იყო მასეთიო” ამით ყველაფერი არ პრავდება. მაფიოზს და ქურდს თავისი სახელი ხომ უნდა დაერქვას?
რა ვიცი აბა, ფიქრობთ რა შუაშია ახლა ის ემიგრანტი უბედური ქალი, რომელმაც სკაიპის ვიდეოზარებით გაზარდა შვილები იტალიიდან და დღეს იმისთვის ბრუნდება სამშობლოში რომ სამივე ერთად კუბოში ნახოს და რაც ზემოთ დავწერე ის ყველაფერი ერთმანეთთან? არაა კავშირში?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჟვანია.
შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.