სანამ სასამართლო ვაჟა ექიმის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ვცდილობ გავიაზრო: რატომ აგინა პოლიციელმა, რატომ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ადამიანს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად იდგა.
ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის. ეს არის სიმპტომი იმისა, როგორი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს საკუთარ მოქალაქეებთან.
იურიდიულ ნაწილზე იფიქრონ იურისტებმა: იყო ეს წამება, არაადამიანური მოპყრობა თუ სამსახურებრივი დანაშაული.
მაგრამ ეთიკურად და ადამიანურად, როცა ძალადობის სამიზნე ხდება ექიმი, ეს განსაკუთრებულად მძიმეა.
ექიმი ჰუმანიზმის, პროფესიული ეთიკისა და დახმარების სიმბოლოა. მის მიმართ აგრესია აღარ არის მხოლოდ ერთ ადამიანზე თავდასხმა – ეს არის დარტყმა საზოგადოებრივ ზნეობაზე.
როცა პოლიციელი ეუბნება: „შენი ექიმი დედა მ****ანო“ – ის არ აგინებს მხოლოდ ადამიანს. ის აგინებს იდენტობას – „ექიმობას“, ანუ იმას, ვინც სიცოცხლეს იცავს. ეს არის აგრესია ინტელექტის, სოლიდარობის და ღირსების წინააღმდეგ.
ფსიქოლოგიურ დონეზე ეს უკვე დეჰუმანიზაციაა, როცა სახელმწიფო მოქალაქეს აღიქვამს როგორც მტერს და ძალადობა ხდება შიშის ინსტრუმენტი. მიზანი აღარ არის სხეულზე ზემოქმედება – მიზანია, დანარჩენებს ღია გაკვეთილი ჩაუტარონ.
და მაინც, რატომ სწორედ ექიმი?
ალბათ იმიტომ, რომ აგრესორს არ შეუძლია აიტანოს იმ ადამიანის სიმბოლური ძალა, ვინც იცავს სიცოცხლეს. ეს არის ზიზღი იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც თავად დაკარგეს, ზიზღი ჰუმანიზმის და თავისუფლების მიმართ.
სწორედ ამიტომ სიჩუმე ამ დროს თანამონაწილეობაა…
თავისუფლება ვაჟა-ექიმს!” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი.
ვაჟა გაფრინდაშვილი რუსთაველის გამზირზე, გზის გადაკეტვის ბრალდებით, გუშინ, 22 ოქტომბერს დააკავეს.




