თუ ეს მართლა “ფარაა”, ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე არ უნდა გავრცელდეს, თუ გაავრცელებენ, ეს არის „რუსული კანონი 3“, – ამის შესახებ “საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ აღნიშნა, ამერიკაში “ფარა” არ ავიწროებს და არ არეგულირებს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ.
„რაც შეეხება „ფარას“ და იმას, რომ ვითომ სიტყვა-სიტყვით გადმოიტანეს ქართულ კანონმდებლობაში. თუ ეს არის „ფარა“, ის ამერიკაში არეგულირებს ისეთ ურთიერთობებს და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ამერიკაში „ფარა“ არ ავიწროებს და არ არეგულირებს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რომლისთვისაც სხვადასხვა საერთაშორისო დახმარებას და ფინანსებს იღებენ, იმისთვის, რომ საკუთარი ამოცანები განახორციელონ. თუ ეს მართლა ფარაა, ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიაზე არ უნდა გავრცელდეს, თუ გაავრცელებენ, ეს არის „რუსული კანონი 3“. რუსეთში, რუსული კანონები კრძალავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებას, აიძულებს მათ დარეგისტრირდნენ აგენტებად. თუ ეს არის „ფარა“, მაშინ, ჩვენ არ გვეხება და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“,- განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც ლომჯარია აცხადებს, არავინ აპირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შიშით თქვას, რომ არის უცხო ქვეყნის აგენტი.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ უცხოური ძალის დავლებას ვიღებთ და მათ ინტერესებს ვატარებთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაციები, გვაქვს ჩვენი ხედვა. თუ დაიწყებენ რეპრესიებს და დევნას, დაიწყონ, მაგრამ არავინ აპირებს თუნდაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შიშით თქვას, რომ არის უცხო ქვეყნის აგენტი. უცხო ქვეყნის აგენტები დაიწერონ თვითონ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ლომჯარიამ უწყვეტ პროტესტზე ისაუბრა, რომელიც უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს და ჯარიმებზე, რომელსაც აქციის მონაწილეები იღებენ.
ლომჯარია ჯარიმებს და საქველმოქმედო ფონდების დაყადაღებას ფინანსურ რეპრესიას უწოდებს. მისივე შეფასებით, ჯარიმების მიზანია, ტერორის დათესვა.
„მათ სურთ ადამიანები დატოვონ უსასოოდ, რომ იმ ვითარებაში, სადაც არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო, პროკურატურა, სხვა ინსტიტუტები, რომლებსაც ევალებათ ადამიანების უფლებების დაცვა და არსებობს მოქალაქეების ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, რაც დაორგანიზდა ასეთი ტიპის ფონდებით, მათი სახსრები ივსება ჩვენნაირი ადამიანების მხრიდან, რომ მოქალაქეები არ გაღატაკდნენ.
როგორ წარმოგიდგენიათ, იქ მდგომმა ადამიანმა, როგორ გადაიხადოს თუნდაც ერთი ჯარიმა? ეს ხომ მათი ულუკმაპუროდ დარჩენისთვის გაწირვაა. პატიმრების მშობლებს აჯარიმებენ, ჟურნალისტებს აჯარიმებენ.
სახელმწიფო არ აქვეყნებს ზუსტ ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი მოქალაქე დაჯარიმდა 5000 ლარიანი ჯარიმით. ალბათ, რამდენიმე მილიონ ლარს გადასცდება ჯარიმების რაოდენობა. არ არსებობს არანაირი მტკიცების სტანდარტი. ეს არის ფინანსური რეპრესია. ადამიანის სიღარიბისთვის და სიღატაკისთვის გაწირვა.
ამ ჯარიმების მიზანი ტერორის დათესვაც არის, რომ ადამიანი ჩააგდონ განცდებში და შიშში“,- განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ „პროტესტი და ბრაზი არსად წასულა. უპრეცედენტოდ ხანგრძლივი აქციები მიმდინარეობს“.
„ბოლო თვეების განმავლობაში იმდენი კანონი მიიღეს, რომ რეაგირების დროც არ არის. პროტესტი და ბრაზი არსად წასულა. უპრეცედენტოდ ხანგრძლივი აქციები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამ რეპრესიულ კანონებს გარკვეული გავლენები აქვს. საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ ამ კანონებით ის ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და პროტესტს. ეს კანონები ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობას ნამდვილად არ გამოიწვევს“,- აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ლომჯარია გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „5 დღე ნამდვილი ომის იმიტაცია იყო, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, დღეს 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი“.
ლომჯარიას თქმით, კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც ბრალად უნდა ედებოდეს საბოტაჟი, არაკონსტიტუციური წყობილების შეცვლა და კონსტიტუციის დარღვევა.
„ის არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა – გამოაცხადა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზის შეჩერების შესახებ და ამ ყველაფერს მოჰყვა საზოგადოების ადეკვატური რეაგირება. ამიტომ, საკუთარ თავზე უნდა ისაუბროს ასეთი ეპითეტებით, რადგან ის იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ის არის რევოლუციის მომწყობი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.
