ნინო ლომჯარია – დასავლელ პარტნიორებს მუდმივად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში მიმდინარეობს რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება – სალომე ზურაბიშვილს გადავეცით სურვილები, რა გვინდა გააჟღეროს

სალომე ზურაბიშვილს გადავეცით სურვილები რა გვინდა, გააჟღეროს დასავლელ პარტნიორებთან და როგორი ტიპის დახმარება სჭირდება დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მედიას, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ინფორმირებული დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით, რადგან მას ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები პარტნიორებთან.
“დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით უკიდურესად დამძიმებულ ვითარებაზე. ჩვენ რეგულარულად ვამუშავებთ ინფორმაციას ნაწამებ, ნაცემ ადამიანებზე, ასევე დაკავებულებზე. ვსწავლობთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული მოქალაქეების საქმეებს და მუდმივად ვამუშავებთ იმ პირთა სიას, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა ტერორში. ინფორმაციებს მუდმივად ვაწვდით საერთაშორისო პარტნიორებს, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტსაც სალომე ზურაბიშვილს. მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს ეს ინფორმაციები, რადგან ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები დასავლელ პარტნიორებთან – ამიტომ პრეზიდენტი უნდა იყოს ინფორმირებული, დოკუმენტებითა და მტკიცებულებებით ისაუბროს საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
რაც შეეხება ფორმატს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან თემატური შეხვედრები გაიმართოს. ასევე დაგვპირდა, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებს, თუ რაზე იყო საუბარი. ჩვენ სალომე ზურაბიშვილს გადავეცით ჩვენი სურვილები თუ რა გვინდა, რომ გააჟღეროს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და როგორი ტიპის დახმარება სჭირდება დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მედიას”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ლომჯარია აცხადებს, მთავარია საქართველო იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში.
“მოგეხსენებათ, მიუნხენის კონფერენციის მთავარი თემა იქნება უკრაინის საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასევე იყოს ამ კონტექსტში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში. ჩვენ მათ მუდმივად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოშიც მიმდინარეობს რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაეწიოს დახმარება ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან ჩვენ აქ ვიბრძვით, ვუწევთ წინააღმდეგობას, ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს გულისხმობს, როგორც სანქციების გაგრძელებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან დანაშაულებრივ და პოლიტიკურ რეპრესიებში”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.