ნინო ლაცაბიძე – ქალაქში დაგეგმილი ეკოპროექტებიდან, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განვითარება უმნიშვნელოვანესია

რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტის-ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაზე იწყება მუშაობა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ჩართულობით შეიქმნა და რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებასა და კონსერვაციას გულისხმობს.
რუსთავის მერმა მ, სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების დეტალები, მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა.
,,რუსთავის ეკოლოგიის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ქალაქში დაგეგმილი ეკოპროექტებიდან, რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განვითარება უმნიშვნელოვანესია. სტრატეგიული დოკუმენტის შესამუშავებლად ჩვენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დონორ ორგანიზაციებთან და რუსთაველებთან ერთად ვიმუშავეთ. დღეს უკვე სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ვიხილავთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პრესსამსახურის ცნობით, რუსთავის ჭალის ტყე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშლილი და მისი ფართობი 320 ჰექტარია. მათივე ინფორმაციით, რუსთავის ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესი ფლორა, გასული საუკუნის 90-იან წლებში განადგურდა და მისი აღდგენა-განვითარების სტრატეგია, დღემდე არ არსებობდა.
ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, პროექტის-,,გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა და მის შემუშავებაში, ,,მოქალაქეთა ასამბლეის“ ფორმატში რიგითი რუსთაველებიც მონაწილეობდნენ.