“დაანონსებული “განათლების რეფორმის” მიზნებად სამინისტრომ
დაასახელა მომავალში სწავლება-სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება და სახელმწიფო უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგების ზრდა.
ამავე დროს, იმავე “რეფორმამ” ფაქტობრივად გადაჭრა ყველა ის არხი, რომლითაც ამ მიზნების რეალურად მიღწევა შესაძლებელია. მათ შორის, აკრძალა:
ა. საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა, ხოლო
უკვე ჩარიცხულ და საქართველოში
მყოფ სტუდენტებზე უკიდურესად გაართულა ბინადრობის ნებართვის გაცემა (ახლახანს, საგამოცდო პერიოდში, შემოდგომის სემესტრის ბოლოს უსამართლოდ გაამწარეს ჩემი არაბი მაგისტრანტი ქალი , რომლის ორი შვილი სამედიცინოზე სწავლობს საქართველოში. ანუ, არაბეთიდან საქართველოში შემოსულ რეალურად ხელშესახებ ინვესტიციას ბლოკავენ/საგანმანათლებლო ტურიზმს შანთავენ. აქ
მყოფ სამ არაბ სტუდენტს ჩემ თვალწინ ქვეყნიდან აგდებენ და თან, არაბეთის ქვეყნებში დადიან ინვესტიციების მოსაზიდად. მაინტერესებს, ადმინისტრაციული შეცდომაა, თუ სახელმწიფოს დაანონსებული ინტერესების თვითდაზიანება?);
ბ. ასევე, ძალაში შესული ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ფაქტიურად შეუძლებელი გახდა საერთაშორისო აკადემიური პერსონალისა და ექსპერტების მოწვევა- დაკონტრაქტება.
სინამდვილეში, საქართველოში საუნივერსიტეტო რეიტინგებიც და სწავლება-კვლევების ხარისხიც გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც:
ა. გავწევრიანდით ბოლონიის პროცესში,
ბ. ევროკავშირმა ჩვენზე განავრცო ერაზმუსის მობილობა,
გ. შევქმენით ინგლისურენოვანი პროგრამები სწავლების სამივე საფეხურზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), რაც მოხდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსთან თანხვედრის, საუნივერსიტეტო მისიებისა და ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიების ფარგლებში.
აბსურდის თეატრი რომ მიდის, ალბათ, კამათიც აღარ არის საჭირო!
ამიტომ “რეფორმის” ავტორებმა საჯაროდ, გამჭვირვალედ, დეტალურად და პარტიულ-პოლიტიკური სლოგანების გარეშე უნდა აგვიხსნან ქართველ ერს,
სამინისტროს მიერ ელვის სისწრაფით დაანონსებულ-კანონად ქცეულ “რეფორმას”, იგივე კეთილ სურვილებსა (რომელიც მათი wishful thinking-ის ნაყოფი უფრო არის) და მათ მისაღწევად დაანონსებულ ნაჯახისებურ ქმედებებს შორის როგორია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ამისთვის, როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე უნდა გამოაქვეყნონ:
1. მსოფლიოს ქვეყნების მსგავს გამოცდილებათა დეტალური ანალიზი და საქართველისთან მიმართებით რელევანტურობის დასაბუთება,
2. გაწერონ დეტალური ბიუჯეტი,
3. მიაბან ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი,
4. აღწერონ რისკები და რისკების მენეჯმენტის გზები,
5. და რაც მთავარია, Logical Framework Matrix დადონ, იგივე Logframe, როგორც მინიმუმ შედეგების, ინდიკატორებისა და რისკების ლოგიკური კავშირის ასახვით.
6. მომდევნო ეტაპზე და ზემოთ მითითებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა შეიმუშაონ: სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რეალისტური ვადები თითოეულ
საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით.
უნდა სულ დეტალებში აღწერონ, დაზარალებულებს როგორ უკომპენსირებენ გაუარესებულ
მდგომარეობას.
ჩემ 20-წლიან პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასე იწერება ცვლილებების კონცეფცია — და არა დეკლარაციებითა და ნაჯახისებური გადაწყვეტილებებით.
ყველას, ვისაც სახელმწიფოში გასატარებელ ნებისმიერ რეფორმებზე, ან დასანერგ სიახლეებზე, მათ შორის, ახალ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე სრული სერიოზულობით და ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით გვიმუშავია,
– სულ ზეპირად ვიცით, რომ საწყის ეტაპზეც კი, ზემით მითითებული დოკუმენტების საფუძვლიანად და გამართულად მომზადება და აქტორებთან საჯარო განხილვების გარეშე (ოღონდ, სხვების მოსაჩვენებლად და window dressing მიზნებისთვის სალონური ყავის სმები, იგივე fait acompli -არა), ნაბიჯის გადადგმა და მცირე ხარჯის დასაბუთებაც ვერ ხდება,
არათუ – საუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციის და უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სოციალური ქსოვილის სამ თვეში მორღვევა.
ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან.
სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ
სურვილებთან” და სათაგურში უფასო ყველთან დაკავშირებით უფრო გაღრმავდება,
უკმაყოფილება მეტად გაიზრდება.
ამ ერთხელაც მაპატიეთ გულწრფელობა, რადგან განათლება არ არის სივრცე, სადაც სახელმწიფოს უფლება აქვს შეცდომებზე “ისწავლოს”, განათლებაში „ექსპერიმენტების“ ფასი ყოველთვის მომავალ თაობებს უჯდებათ, განათლება ის სფეროა, სადაც იმპროვიზაცია ქვეყანას ათწლეულებით უკან აბრუნებს,” – წერს სოციალურ ქსელში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის მფლობელი ლექტორი, ნინო ლაპიაშვილი.




