ნინო კიკნაძე: შეგვპირდნენ, რომ DRG-ს მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე ამბობს, რომ DRG-სთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ სექტორმა დაპირება ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მიიღო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კიკნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არის გამოწვევები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ერთ-ერთი ასეთია რეანიმაციის დაფინანსება. მისივე თქმით, გადაწყდა ისიც, რომ კომბინირებული ოპერაციები დაფინანსდება.
„დავსვით კითხვები არა მხოლოდ DRG-სთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც სამედიცინო სექტორის წინაშე დგას. ესაა რეანიმაციის დაფინანსების საკითხი, კომბინირებული ოპერაციები და ამაზე გადაწყვეტილება ნაწილობრივ დღევანდელ შეხვედრაზე იყო მიღებული, რომ გადაიხედება და დაფინანსდება კომბინირებული ოპერაციები. ასევე, საკითხი იყო დასმული მარეგულირებლის როლზე, ვისაუბრეთ უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე. შეგვპირდნენ, რომ DRG-ს მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, გადაიხედება კოდები. ვფიქრობთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება“,- თქვა ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა.