ნინო კალანდაძე – „ოცნების“ მიზანი გაცილებით უარესი მგონია – ემზადებიან საქართველოსთვის „ნეიტრალური“ და ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განსხვავებული სტატუსის მინიჭებისთვის – ალბათ, გახარიას პარტია მათ ამის შესაძლებლობას მისცემს

კონსტიტუციიდან არამხოლოდ 78-ე მუხლის ფორმალური ამოღებაა ამათი მიზანი, არამედ, ამაზე გაცილებით უარესი მგონია – ისინი [„ქართული ოცნება“] ემზადებიან საქართველოსთვის „ნეიტრალური სტატუსის“ მინიჭებისთვის და ასევე ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განსხვავებული სტატუსის მინიჭებისთვის. ეს იქნება მათი ამოცანა, ეს არის რუსული დავალება. ამას მოწმობს ისიც, თუ რატომ გამალებით ჩქარობენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ. როგორც ჩანს, გახარია მათ ამის შესაძლებლობას მისცემს, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა, ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მანამდე მან ისაუბრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენას საქართველოში ვიზიტზე და მასთან მიმართებით „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ შეფასებებზე. კალანდაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერი მოუსმენია საზოგადოებას ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამს და „რაც იმაზე მეტს აკადრებინებდა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, ვიდრე აქამდე არ უკადრებია“, მაგრამ, კალანდაძის თქმით, ნამდვილად ჩანს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ სტუმრის ვიზიტისგან განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა.
„ნამდვილად ჩანს, რომ ლეგიტიმაციის სასოწარკვეთილ ძიებაში ისინი ყველა შესაძლო ვიზიტს ეჭიდებიან იმ იმედით, რომ საკუთარ არალეგიტიმურ რეჟიმს რაღაც ტიპის საერთაშორისო ლეგიტიმაციას შესძენენ, მათ შორის იმის საპირისპიროდ, რასაც ამბობენ – თითქოს არ ადარდებთ ლეგიტიმაცია, ამიტომ იყო, რომ მაღალი მოლოდინებით შეხვდნენ და დახვდნენ სტუმარს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ის ადამიანი აქ მათი ლეგიტიმაციისთვის არ იყო ჩამოსული, არამედ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიას დაუჭიროს მხარი. მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მისი ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი და იმ სტატუსის წარმომადგენელი, რომელიც საერთაშორისო გაერთიანებას წარმოადგენს – მივიდა პროტესტანტებთან, დააფიქსირა თავისი სოლიდარობა დემოკრატიული და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოში ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ დემოკრატია დაიცვან. ცხადია, რომ ეს არ მოეწონებოდა კოლექტიურ პაპუაშვილს და ცხადია, რომ ეს იმთავითვე გამორიცხავდა იმ მოლოდინს, რომ მათი ლეგიტიმაცია რაიმე ფორმით უკეთეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა.
სტუმრის ყველა ვიზიტი წინასწარ არის გაწერილი, ვის, როდის შეხვდება, შეხვდება თუ არა ოპოზიციას, მშვიდობიან დემონსტრანტებს, ამიტომ, კალანდაძის თქმით, გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“ ეს რატომ იყო სიურპრიზი ან რატომ ჰქონდათ მოლოდინი, რომ აქ ვინმე კობახიძის ლეგიტიმაციის გასამართლებლად და გასამყარებლად ჩამოვიდოდა. ეს იმთავითვე მაფიქრებინებს იმას, რომ მათი შეფასებებიც ბოლომდე ადეკვატური არ არის, ისინი რაღაც გზას ხისტად ადგანან იმიტომ, რომ სხვანაირად თვითგადარჩენის გზას ვეღარ ხედავენ, მაგრამ ადეკვატურად ვერ აფასებენ გარე სამყაროს და გარე სამყაროს დამოკიდებულებას ივანიშვილის მოვლენის მიმართ, რომელიც სანქციების მოლოდინშია და ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაშია. ამიტომ, საერთოდ არ მესმის, რატომ ეგონათ, რომ ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდოდა და სთან ღიმილიანი ფოტოებით დაკავდებოდა“, -განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, „ეუთო არის ბოლო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის იმედადაც იყო ივანიშვილის რეჟიმი, სადაც ჯერ კიდევ ცივილიზებული კომუნიკაციის ფორმა ჰქონდა შენარჩუნებული „ქართულ ოცნებას“, თუმცა ახლა, ცხადია, რომ ეს ხიდიც ჩაიჭრა“.
„საბედნიეროდ, საქართველო განცალკევებულია საერთაშორისო პარტნიორების თვალში და ივანიშვილის რეჟიმი ცალკე განიხილება. ივანიშვილის რეჟიმი არ განიხილება, როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი, უფრო მეტიც, ის განიხილება,როგორც არასათანადო სუვერენული ერთეული საქართველოში, რომელიც იმართება კრემლიდან. ამიტომ, ამ ვითარებაში, რამე კარგი თუ შეიძლება დავინახოთ, არის ის,რომ კობახიძის უგვანო საქციელი არ აისახება ქართველი ხალხის შეფასებაზე“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოში სტუმრად მყოფი ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ელინა ვალტონენა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „51-ე აკაცუკად მივიდა“, კალანდაძის თქმით, ამით შეურაცხყოფას საკუთარ თავს აყენებს.
„მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიულ მოძრაობას მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს, ამიტომ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ ეუთო-ს ოფიციალური წარმომადგენელი აქ ჩამოსულიყო და შეხვედროდა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, ამის დაშვებაც კი მიჭირს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ეს დიდ დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის ამ დემოკრატიულ მოძრაობას და მეორე – დარტყმას მიაყენებდა საერთაშორისო თანამეგობრობის იმიჯს“, – განაცხადა კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მყოფი ხალხი ძლიერ რეპრესიულ მანქანას შიშველი ხელებით უწევს წინააღმდეგობას, რაც პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ეუთოს თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მივიდა.
მან ასევ ისაუბრა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებაზე, რომ „თბილისის ქუჩის უკან ბრიუსელი დგას“. ნინო კალანდაძის თქმით, ეს ბრალდება არის აბსურდული.
„ამ გზავნილების გამეორებით ისინი ამზადებენ ნიადაგს ძალიან ძლიერი რეპრესიებისთვის, ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ საქართველო მთლიანად ჩამოშორდეს დასავლეთს და ამ მიზანს ემსახურება ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ძალების უფრო აქტიური მხარდაჭერისთვის დასავლეთის დადანაშაულება მიდის და მეორე- მზადდება ის, რომ ამაზე დაყრდნობით მათ კიდევ უფრო ძლიერი მანქანა აამუშაონ მოქალაქეების წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების პირობებში, ბევრად უფრო სახიფათო ნაბიჯების მეშინია იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილის საქართველოში მოვლენის რუსული მისია იყო სწორედ ის, რომ საქართველო მთლიანად ჩამოაშოროს დასავლურ ორბიტას, დასავლეთმა საერთოდ ვერ შეძლოს რეგიონს ამ ნაწილში ფეხის შემოდგმა და ნებისმიერი ტიპის დემოკრატიის ხელშეწყობა და მორე- ქართულ სახელმწიფოში ზუსტად ის პოლიტიკა გაატაროს რომელიც არის კრემლის დავალება. ვფიქრობ, არამხოლოდ 78-ე მუხლის ფორმალური ამოღება ამათი მიზანი, არამედ, ამაზე გაცილებით უარესი მგონია ის, რომ ისინი ემზადებიან საქართველოსთვის „ნეიტრალური სტატუსი“ მინიჭებისთვის და ასევე ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიებისთვის განსხვავებული სტატუსის მინიჭებისთვის. ეს იქნება მათი ამოცანა, ეს არის რუსული დავალება.
ამას მოწმობს ისიც, თუ რატომ გამალებით ჩქარობენ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვონ,როგორც ჩანს, გახარია მათ ამის შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ