„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ევროკავშირმა შესაძლოა არ გამოიყენოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით, რადგან ფიქრობენ, რომ ეს იქნება ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ვიზალიბერალიზაციას შეჩერებას დიდი მხარდაჭერა არ აქვს პარტნიორების მხრიდან.
„თითქოს, რაღაც ბოროტ ექსპერიმენტში ვართ. ამ პროცესების შეფასებისას განსაკუთრებულად ფხიზლად ვარ და ყველაზე ცუდ სცენარსაც ვწინასწარმეტყველებ. არა იმ გაგებით, რომ ვიზალიბერალიზაციას მალე შეგვიჩერებენ, რადგან ამას დიდი მხარდაჭერა არ აქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ეს კარგია, რადგან ვიზალიბერალიზაციის გაუქმება პირველ რიგში, იქნებოდა ხალხის წინააღმდეგ მიმართული აქტი და არა რეჟიმის წინააღმდეგ. იძულების ბერკეტად იმ შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული თუკი ხალხი არ გაპროტესტებდა იმას, რაც ხდება. ამაზე მეტად როგორ უნდა აიძულო ხალხი?! 200-დღეზე მეტია ქუჩაში გამოდის.
ეს ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამის გამო ბევრი დედაქალაქი თავს იკავებს, ეს არის ინფორმაცია რომელიც ხელთ მაქვს, მათ შორის პარტნიორებთან კომუნიკაციიდან“, – განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, დამიზნებითი სანქციები ევროკავშირისთვის რთულია, რადგან ერთიანობის პრინციპს იცავს.
„დამიზნებითი სანქციები უფრო მარტივად გამოსდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი და აშშ-ი. ამაში ნაკლებად მოქნილია ევროკავშირი, რადგან მათთვის ერთიანობის პრინციპი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი”,- განაცხადა დოლიძემ.
მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ მიზანია საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის ან ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.
როგორც დოლიძე განმარტავს, ხელისუფლების ქმედებები რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.
„ივანიშვილის ამოცანაა, საქართველო ვერ გახდეს, ვერც ევროატლანტიკური და ვერც ევროკავშირის წევრი, რადგან მათი ინსტრუქციაა საქართველო არ უნდა იყოს დასავლური ინტერესები წარმოდგენილი. ამ მიზანს ემსახურება რუსული კანონიც და ყველა ანტიდასავლური ქმედება თუ განცხადება, რომელსაც „ოცნება“ ახორციელებს“,- განაცხადა დოლიძემ.
