ბრიუსელში ისტორიული დღეა მთლიანად იმ კონტექსტისთვის, რასაც ჰქვია გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობა რეგიონში. დღეის მდგომარეობით, საქართველო ამ კონტექსტში აღარ განიხილება. ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძვლები და საბაბი, ამ საბაბს ჰქვია ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი, მათი ურთიერთთანამშრომლობა სწორედ იმისთვის, რომ გაფართოების ამ ტალღაში საქართველო არცერთ შემთხვევაში არ მოხვდეს, – ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ბრიუსელში, დღეს დაგეგმილ „გაფართოების სამიტზე“ ისაუბრა.
რაც შეეხება ბრიუსელთან მიმართებით „ქართული ოცნების“ შეფასებებს, მათ შორის ევროკავშირის შედარებას საბჭოთა კავშირთან, ნინო კალანდაძის შეფასებით, „ბრიუსელს არ აინტერესებს, რას იტყვის პაპუაშვილი“.
„პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, რომ შალვა პაპუაშვილი ბრიუსელისთვის, მისი გადმოსახედიდან არაფერს აღარ წარმოადგენს. მას შეიძლება უსმენდნენ ოდესღაც, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციით მაინც სარგებლობდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, ამ პროპაგანდისტული გზავნილების გამჟღერებლები არც მოიაზრებიან, როგორც სახალხო ლეგიტიმაციის მქონე ერთეული. ის საუბროს თავისი სახელით, იმიტომ, რომ ბრიუსელს არ აინტერესებს რას იტყვის შალვა პაპუაშვილი. „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, რას იტყვის ბრიუსელი, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ბრიუსელი, ევროპაში სიარული და ევროპული ინვესტიციებიც ბევრად მეტად, ვიდრე ის ფსევდოინვესტიციები, რომლითაც ისინი ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს აღმოსავლეთიდან წამოვა. რაც შეეხება ქართველ ხალხს, ძნელად წარმოსადგენია,რომ საქართველოში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, თუ რა სიკეთეების მომტანია ევროპა. ევროკავშირში გაწევრიანება სახალხო დაკვეთაა. 13 წელია ბიძინა ივანიშვილი და ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე კი, ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, ქართველები დაეჯერებინა, რომ რუსეთია სანდო პარტნიორია, თუმცა საქართველოს მოსახლეობას ვერაფერი მოუხერხეს“, – განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშს, რომელიც, ასევე, ნოემბერში უნდა გამოქვეყნდეს, როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ეს არის დილემა, რომელზეც უკვე დიდი ხანია დასავლეთის დედაქალაქები მსჯელობენ, რადგანაც მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის.
„ქართულ ოცნებას“ არ შეაშინებს მასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეზღუდვის შემოღება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის დამოუკიდებლად მოთამაშე, რომელიც თვითონ წყვეტს, რა უნდა გააკეთოს, ისინი ინსტრუქციებს იღებენ რუსეთიდან და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ღრმად კომპრომეტირებულები თავიანთი კორუფციული წარსულის გამო, რომლებსაც მოუწევთ ის ილაპარაკონ, რასაც მათი პატრონები ეტყვიან. „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ბერკეტად არ განიხილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს არ არის ის სანქცია, რომელიც პრევენციულ დატვირთვას ატარებს. ეს არის სანქცია, რომელიც შეგვიძლია განმარტოთ, როგორც სადამსჯელო სანქცია სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს, რა ფორმითაც „ქართული ოცნება“ აყალიბებს, ევროკავშირი ფიზიკურად ვერ მიიღებს თავის რიგებში, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოების პრობლემაა“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება ქართული დიპლომატიური კორპუსისადმი კრიტიკას, რატომ არ ისმის მათი ხმა, როცა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასა და დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება, მათ შორის მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ქართველი დიპლომატებისადმი, როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ევროინტეგრაციის საკითხი ყოველთვის ფორმალობას წარმოადგენდა.
„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს სალომე ზურაბიშვილმა აღმოაჩინა, ან საჯაროდ განაცხადა. ამიტომ, ეს კრიტიკა მიემართება არა მხოლოდ დღეს მოქმედ ელჩებს, არამედ, მათ შორის ბრიუსელში იმ ელჩებს, როლებიც სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა იმიტომ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი მაშინაც იყო გაჩერებული. ეს პრობლემა ზურაბიშვილის პრეზიდენტობამდეც გაჩნდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ევროინტეგრაციის საკითხი ყოველთვის ფორმალობას წარმოადგენდა. 2022 წლის შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა და ამ საკითხს, პაპუაშვილის ენით სახელი დაარქვა. სამწუხაროდ, ჩვენი ელჩების დიდმა ნაწილმა ეს ძალიან კარგად იცოდა, პირველ რიგში იმ ხალხმა, ვინც ბრიუსელში იყო, მაგრამ განსაკუთრებული კრიტიკის საგანს წარმოადგენენ საქართველოს ის ელჩები, რომლებიც დღეს, პრაქტიკულად, რუსული რეჟიმის გაგრძელებას ემსახურებიან და ეს კრიტიკა სამართლიანია,“ – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
გარდა ამ საკითხებისა, მან უპასუხა კითხვას აშშ-სთან ურთიერთობის პერსპექტივის შესახებაც და განაცხადა, რომ თუკი ტრამპი „გადმორეკავს“, არა მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილს, არამედ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.
„არა, ყაველაშვილს ნამდვილად არავინ დაურეკავს, არც კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილსაც არ დაურეკავს ტრამპი. ტრამპი თუ ბიძინა ივანიშვილთან საქმის დაჭერას დააპირებს, პუტინს დაურეკავს და ეტყვის, გადაეციო. ყაველაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ იქნება. ბიძინა ივანიშვილთანაც არ იქნება იმიტომ, რომ როდესაც მათ ბიძინა ივანიშვილთა თავიანთი ელჩი გაგზავნეს სასაუბროდ, ივანიშვილმა ის ელჩი არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ბიძინა ივანიშვილთან არანაირ ურთიერთობაში, ამ ეტაპზე, ის არ შევა“, – განაცხადა კალანდაძემ.




