ნინო კალანდაძე: დღეს მე გამიმართლა. ისევე, როგორც სხვებს. რადგან სიცოცხლეც და მშვიდობაც ამ ქალაქში გამართლებაზეა. თუმცა, სულ მცირე ერთ ოჯახში, დღეიდან აღარასოდეს იქნება მშვიდობა

„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, ნინო კალანდაძე:
ერთი მშვიდობიანი დღე თბილისში.
დილით ადრე გამეღვიძა, მზე მიყვარს და სინათლემ გამაღვიძა. თუმცა, ტელეფონში შეხედვისთანავე დამავიწყდა მზეც და სინათლეც. დღის ახალი ამბები ასე იწყებოდა: ღამით ვერაზე დაჭრილი 17 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ქალს, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა, ბრმა ტყვია მოხვდა…იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა…ვახო სანაია მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს… აქციის მონაწილეებს არაფხიზელ მგდომარეობაში მყოფი მამაკაცები დაესხნენ თავს… შემდეგ ისმოდა „სიცილის გამო მოკლეს.“, „გიჟი იყო“. „მას იარაღი ჰქონდა და მანქანას ესროდა“.
დღეს ბავშვი ბანაკიდან ბრუნდებოდა და ვიცოდი რა, რომ რუსთაველი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტა, საქმეეზე ადრიანად გავედი – თან საათებს ვითვლიდი რა დრო დასჭირდება ავტობუსს ბაკურიანიდან, რომ საცობების გამო არ დამაგვიანებოდა დახვედრა. გზაში მოწყურებულმა მანქანა ვერსად გავაჩერე და სავაჭრო ცენტრში შევედი. თან აფთიაქიც მჭირდებოდა. ბნელ, დახუთულ და გამონაბოლქვით სავსე სადგომის კიბეზე პატარა ბიჭი იდგა. (შეიძლება გოგო.) 6-7 წლის. ორ გამხდარ მაჯაზე ფერადი, ხელნაკეთი სამაჯურები ეკეთა. არ შემოუთავაზებია ყიდვა. მხოლოდ შემომხედა. გული მომიკვდა და ვკითხე ამათ შენ ამზადებთქო? მე და დედაო მიპასუხა ჩუმად. ჩემი 11 წლის კოროლა რა მოსატანია იმ ჯიპებთან, ამ ბავშვის გამხდარ ფეხებთან და დიდ თვალებთან რომ ჩერდება ყოველ საათში. მაგრამ, ამის გამოც ცუდად ვიგრძენი თავი. მინდოდა ჩემი სამაჯურებიც დამეხსნა და მისთვის მიმეცა. მაგრამ, რად უნდა მას ჩემი ჭინჭები? მას უნდა მზე, დღის სინათლე, წუწაობა და თანატოლებთან გართობა. ამას კი მე ვერ მიცვემდი. ვიყიდე ორი სამაჯური და წამიერად, ყველას მაგივრად, უკეთ ვიგრძენი თავი. იმ ჯიპების მძღოლების მაგივრადაც. თუმცა, მხოლოდ წამიერად.
ერთი ბოთლი წყალი და ორი ნიმესილი ძვირად დამიჯდა. გადაკეტილი რუსთაველის გამო მეგონა ნიშნები და გზები მოწესრიგებული იქნებოდა, ნავიგაციაც სათანადოდ მორგებული დამხვდებოდა და გავყევი მორჩილად. ვიცი, ავტობუსის ჩამოსვლამდე წინ 2 საათზე მეტი დრო მაქვს და მშვიდად ვარ. გრიბოდევზე რომ შევუხვიე, სადაც ცალმხრივ ქუჩაზე უკვე ორწყებად მანქანების ასიმეტრიული ჯაჭვი შემომხდა, მივხდი, რომ შევცდი. არც ნიშნები და არც მიმართულება არსებობდა. მძღოლები ერთმანეთის ამარა ვიყავით დარჩენილი. ამ საყოველთაო განუკითხაობაში და ყოვლად უპატრონო ქალაქში მოქალაქეობრივი სოლიდარობა თვითგადარჩენად იქცა და მოთმინებით სავსე, მონდომებული მძღოლების და გამვლელების წყალობით მოძრაობა ნელ და უცნაურ, მაგრამ კალაპოტში მოექცა და სოლოლაკი-ზემო ვერას ვიწრო ქუჩებზე ნელა მიდიოდა მანქანების დიდი კოლონა. ორი ყოჩაღი ახალგაზრდა ქალი შემომხვდა და შუაში ჩამიბეს. ერთმა, წინ გამიშვი და გაგიყვანო. მეორემ, ჩემი მანქანა თუ გაეტევა, შენც გაძვრებიო და ასე ვიარეთ 3 საათი და 40 წთი. ბოლოს გამოვედი „სამშვიდობოს“.
ბავშვთან დამაგვიანდა. მაგრამ, რომ არა ის მოქალაქეობრივი სოლიდარობა, ახლაც იქ ვიქნებოდი გაჭედილი სადღაც, რომელიღაც ვიწრო ქუჩის აღმართზე. ამიტომ არაუშავს. დაღლილი და განერვიულებული სახლშიც მშვიდობით მოვედი. და აქაც ყველა მშვიდობით დამხდა.
დღეს მე გამიმართლა. ისევე, როგორც სხვებს. რადგან სიცოცხლეც და მშვიდობაც ამ ქალაქში გამართლებაზეა.
თუმცა, სულ მცირე ერთ ოჯახში, დღეიდან აღარასოდეს იქნება მშვიდობა.