ფაქტობრივად დასაჯეს ქართველი ემიგრანტები იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ემიგრაციაში არ მოუგია – ეს არის გარიყვა ქართველი ემიგრანტების, – ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
როგორც ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ემიგრანტებმა აღარ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათი მხარდაჭერა არ არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
„ჩვენ ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯს სამართლებრივად და პოლიტიკურად. ეს ფაქტობრივად არის მათი[ემიგრანტების] გარიყვა. სახელმწიფო პირიქით, მათი ინტეგრაციისკენ უნდა დგამდეს ნაბიჯებს. მე მგონია, რომ ეს ორი მიზნითაა განპირობებული, ერთი ის, რომ ფაქტობრივად დასაჯეს ემიგრანტები იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ემიგრაციაში არ მოუგია. განსაკუთრებით დაბალი იყო გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, 13% იყო ემიგრანტების მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ეს ნიშნავს იმას, თუკი მომავალში საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება, გამოირიცხოს ემიგრანტების მონაწილეობა.
ფაქტი ერთია, მიზანია, რომ ემიგრანტებმა აღარ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათი მხარდაჭერა არ არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მაგალითად მოლდოვა რომ ავიღოთ, ჩვენ ვიცით, რომ ემიგრაციის მონაწილეობა არჩევნების შედეგსაც კი განსაზღვრავს. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ მსგავსი რამ მოხდეს.
ეს არის გარიყვა ქართველი ემიგრანტების. აბსოლუტურად ცინიკური იყო ყველა ის კომენტარი, რომელიც ემიგრანტების ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდებოდა. ყველას ჰყავს ოჯახის წევრი ან ნათესავი ემიგრაციაში და ყველამ იცის, მათ არ აქვთ ლეგალური უფლება იქ ცხოვრების და ვერ ჩამოდიან ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.




