ეს რეზოლუცია არის პასუხი „ქართული ოცნების“ რეპრესიულ და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ეს პარტია ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს და გააქროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფი ქვეყანაში, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე, ნინო დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებს.
როგორც დოლიძე აღნიშნავს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი დებატი საქართველოსთან დაკავშირებით და ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც არის ძალიან კრიტიკული.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ წინა რეკომენდაციები არ შესრულებულა და მას შემდეგ, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ კვლავ ძალაში დარჩა იანვრის რეზოლუციის მოთხოვნები.
ეს რეზოლუცია არის პასუხი „ქართული ოცნების” რეპრესიულ და არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, რომლითაც ეს პარტია ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს დასავლურ სამყაროს და გააქროს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფი ქვეყანაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“,-წერს დოლიძე.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
