„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.
მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ.
- ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული რეფორმით ემუქრება უნივერსიტეტებს. რა დარჩება მაგალითად ილიაუნისგან, თუკი ეს ცვლილება განხორციელდა?
ეს რეფორმა მართლა ყველას ეხება და ამიტომ კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამას მოჰყვება. რეფორმის ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროპული, დასავლური ტიპის საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები უნდა შევთავაზოთ ქართველ ახალგაზრდებს, რომ სხვაგან არ დასჭირდეთ წასვლაო, ყველაზე ევროპული ტიპის უნივერსიტეტს, რომელიც რეიტინგების მიხედვით ქვეყანაში ყველაზე წარმატებულია საგანმანათლებლო, კვლევითი პროექტების თუ ინტერნაციონალიზაციით, გვეუბნებიან, რომ 70-იან წლებში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ იყავი, იმ პროფილს დაგიტოვებო.
წარმოუდგენელი რაღაცაა.
იმ სამგვერდიან ფურცელზე, რომელიც წარმოგვიდგინეს, საერთოდ არ არის ლაპარაკი თანამედროვე უნივერსიტეტების გამოწვევებზე, იმაზე, ტექნოლოგიური პროგრესი რას გვიქადის და საერთოდ აცდენილია ამ ყველაფერს.
- წარსულში დაბრუნება რომ პროგრესი ვერ იქნება ფაქტია, არა?
ცხადია. ყველაზე ცინიკური რა არის იცით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ ისევ და ისევ ამ თქვენი ტრადიციული ქართული საუნივერსიტეტო სისტემის განადგურების, მათ შორის ფიზიკურად განადგურების ხარჯზეო.
დღე არ გავა ბრიფინგი არ გამართონ, როგორ დაიჭირეს ადამიანები, რომლებსაც საგანმანათლებლო სფეროში ინფრასტრუქტურული ვალდებულებები ჰქონდათ და არ შეასრულეს. ორი თვის წინ იყო, რომელიღაც მინისტრის ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი დაიჭირეს, რომელმაც 35 თუ 38 მილიონის ტენდერები მოიგო, სკოლები და ბაღები უნდა აეშენებინა, მაგრამ არაფერი გააკეთეს და ხუთი წლის თავზე იჭერენ ამ კაცს. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი უნივერსიტეტის შენობები უნდა გაყიდონ თურმე და მერე უნდა დაიწყონ რაღაცის აშენება.
ყურის ძირში გვაქვს მაგალითი, როცა სპორტის უნივერსიტეტი გაყიდეს, თქვეს რომ 32-სართულიანი შენობა უნდა აეგოთ და არ ააშენეს, სპორტის უნივერსიტეტი კი დღემდე რომელიღაც უნივერსიტეტშია შეყუჟული. ასე იქნება ილიას უნივერსიტეტი და სხვებიც.
სპორტის უნივერსიტეტის კანცლერი იყო ბოჟაძე, ახლა „ოცნების“ პარლამენტში რომ ბრძანდება, გამოვიდეს და მოგვიყვეს აბა, რატომ ვერ ააშენეს.




