ნინო დათაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, რომ აქტივისტის საქმე არა თბილისის, არამედ სხვა სასამართლომ განიხილოს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის წინასასამართლო სხდომა, რომელსაც სასამართლოს განჩინებით, იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, 7 აგვისტოსაა დანიშნული.
მისი ადვოკატი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამარ გაბოძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამ დროისათვის ნინო დათაშვილი უკვე გადაყვანილი იქნება თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ფსიქიატრიული დეპარტამენტში, მას პენიტენციური სამსახური მაინც მიიყვანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რათა მონაწილეობა მიიღოს წინასასამართლო სხდომაში.
თუმცა, თამარ გაბოძის თქმით, ადვოკატები 7 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე დააყენებენ შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს აცილების შესახებ.
მათ ამ შუამდგომლობით პირველ აგვისტოს უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს:
„მოვითხოვეთ მთელი სასამართლოს აცილება, რადგან მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, მაშინ, როდესაც უნდა განიხილოს საქმე, რომელშიც მოწმეები და დაზარალებული არიან მისი თანამშრომლები.
არსებობს სტანდარტი, ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე მუხლიდან გამომდინარე და ასევე არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოსამართლე არა თუ უნდა იყოს ობიექტური, არამედ საზოგადოების და განსაკუთრებით, ბრალდებულის თვალში ასეთად უნდა აღიქმებოდეს. მაშინ, როდესაც სასამართლომ უნდა განიხილოს თავისი თანამშრომლების საქმე, რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური კითხვები ობიექტურობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ სხვა, უახლოეს სასამართლოში გადააგზავნოს ამ საქმის განხილვა. რამდენადაც ნინოს ხერხემლის ტკივილი აქვს, ჩვენ პრიორიტეტულად მითითებული გვაქვს რუსთავის საქალაქო სასამართლო“, – ეუბნება თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებას.
4 აგვისტოს მან ნინო დათაშვილი რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
თამარ გაბოძე ამბობს, რომ დაკავებულმა აქტივისტმა, მასთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის წინააღმდეგია მონაწილეობა მიიღოს იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში და ამბობს, რომ პროკურატურისა და მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს, არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა და დევნის გაგრძელება:
„დღეს რომ შევედი, ნინოს ორი ინექცია ჰქონდა გაკეთებული, გამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო. ტკიოდა წელი, უჭირდა ჯდომა, ხშირად იცვლიდა პოზიციას და იმის გამო, რომ მას ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი, პროკურატურამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი შერაცხადობის საკითხი. ამ გადაწყვეტილებას, ნინო, ცხადია, მიიჩნევს უკანონოდ და თვლის, რომ ეს არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა.
ნინო ყველა ეტაპზე აფიქსირებს, რომ არ სურს ამ პროცესში მონაწილეობა, თუმცა, რამდენადაც სასამართლომ გასცა იძულების გამოყენების ნებართვა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს სხვა მეთოდი, რომ ნინოს ჰქონდეს რაიმე სხვა შესაძლებლობა, გარდა სამართლებრივი გზებისა, რომ შეეწინააღმდეგოს ამ გადაწყვეტილებას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე.
მისი თქმით, დიდ დიღომში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, იქ, სადაც სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზები ტარდება, ნინო დათაშვილს უახლოეს დღეებში გადაიყვანენ:
„მოსამართლემ განჩინების შესასრულებლად სულ განსაზღვრა 30 დღე. ამ 30 დღიდან 20 დღეა დაკვირვების პერიოდია. განჩინების გამოცემიდან დაახლოებით 5 დღე უკვე გასულია და დარჩენილია 5 დღე, რომ ნინო გადაიყვანონ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მას უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. ექსპერტიზის ჩასატარებლად 20 დღე არის მაქსიმალური ვადა, თუმცა, თუკი ეს ვადა არ გახდება საჭირო, ექსპერტებს შეუძლიათ, რომ უფრო მალე დაასრულონ კვლევა“, – ამბობს თამარ გაბოძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნინო დათაშვილისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების ნებართვა გაიცა, თამარ გაბოძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, გადაიგზავნა თუ არა საჩივარი პირველი ინსტანციიდან სააპელაციო სასამართლოში.
ამ საჩივარში ნინო დათაშვილი მოითხოვს, რომ მიეცეს სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე დასწრების უფლება, რისი საშუალებაც მას პირველ ინსტანციაში არ მიეცა.
თამარ გაბოძე ამბობს, რომ ნინო დათაშვილს პენიტენციურმა დაწესებულებამ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია 31 ივლისს დანიშნული სხდომის შესახებ და მან სწორედ ამიტომ თქვა, პროცესში მონაწილეობაზე უარი:
„როდესაც 31 ივლისს, ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულაბში მოთავსების სასამართლო სხდომა დაინიშნა, მას არ მისცეს დაზუსტებული ინფორმაცია, რა საქმე განიხილებოდა. ნინოს უთხრეს, რომ ეს იყო განსაზღვრული სასამართლო პროცესი. ნინომ თქვა, რომ მისი სხდომა დანიშნულია 7 აგვისტოს, რაზეც უთხრეს, რომ ეს პროცესი იყო მისი ფიზიკური დაზიანებების გამოკვლევის შესახებ, რაზეც ნინომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს უპასუხა, რომ უკვე გასული იყო დიდი დრო და მას ხილული დაზიანებები აღარ ეტყობოდა და შესაბამისად, მან უარი თქვა იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც ვითომდა ეხებოდა მის ფიზიკურ დაზიანებებს.
ანუ ნინოსთვის არ მიუწოდებიათ დაზუსტებული იფორმაცია, რომ რეალურად, იმ სხდომაზე განიხილებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შუამდგომლობა. ნინოს ეს რომ სცოდნოდა, ის აუცილებლად მიიღებდა ამ პროცესში მონაწილეობას. ეს არის ბრალდებულის უფლება და რა თქმა უნდა, მას უნდა სცოდნოდა პროცესის შინაარსი“, – ამბობს თამარ გაბოძე.
მისი თქმით, თავად ადვოკატებმაც ერთი საათით და 15 წუთით ადრე შეიტყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 31 ივლისს სასამართლო სხდომა იყო დანიშნული:
„31 ივლისს გამართულ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ადვოკატები დავესწარით, მოსამართლეს ვუთხარით, რომ ნინოსთვის არ იყო ცნონილი, რა შუამდგომლობა განიხილებოდა, რომ განიხილებოდა მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების საკითხი.
ასევე ჩვენ ვუთითებდით, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მასალებთან არ გვქონდა წვდომა და ვითხოვდით, რომ მოეცა მოსამართლეს შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს, მაგრამ ესეც უგულვებელყოფილ იქნა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე.
მისი თქმით, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც პროკურატურამ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნას დაუდო საფუძვლად, ეს არის 2019 წელს დაწერილი „ფორმა 100“, რომელიც დაცვის მხარემ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე წარადგინა, სადაც მითითებული იყო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, კონკრეტულად ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილების ფონზე თან ერთვოდა ემოციური ლაბილობა, ანუ ტკივილზე მგრძნობელობა:
„ნინოს აქვს ხერხემლის ტრავმა, დაზიანებული ხერხემლის დისკი, რომელზეც ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ოპერაციის შემდეგ საჭირო გახდა კვლავ ქირურგიული ჩარევა, ნინოს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რომლებიც ინტენსიური გახდა უკანასკნელ პერიოდში. ამ დიაგნოზის შემდეგ ეწერა, რომ თანმდევად, ნინოს აქვს ემოციური ლაბილობა, ეს არ არის დიაგნოზი, ეს არის ემოციის გამოხატურლება, სიმპტომი, რაც არის ძალიან ადამიანური მომენტი, როდესაც ადამიანები გარკვეულ გარემოფაქტორებზე, ემოციებით რეაგირებენ და ძალიან გასაგები და ბუნებრივია, რომ ადამიანი ტკივილზე რეაგირებს.
მოსამართლეს, რა თქმა უნდა, ვუთითებდით, რომ ემოცირუი ლაბილობის გამო არ შეიძლებოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა და ეს იყო წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან. თუმცა, სხდომაზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ ჩვენი არანაირი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მოსამართლეს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამს პროკურორისთვის“, – ამბობს თამარ გაბოძე.
ადვოკატის თქმით, პროკურატურა ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, სადაც მითითებულია, რომ თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომ ბრალდებული შეურაცხადი იყო ბრალად წარდგენილი ქმედების დროს ან მერე გახდა შეურაცხადი, უნდა ჩატარდეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
თუმცა, თამარ გაბოძის თქმით, ნინო დათაშვილის შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი დასაბუთებული ვარაუდი, ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რაც გაამართლებს ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას და მისი შერაცხადობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას:
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც დაცვის მხარემ წარვადგინეთ, რათა სასამართლოსთვის ცნობილი ყოფილიყო, რომ ნინოს ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები და არ შეეფარდებინათ მისთვის პატიმრობა და ამ დოკუმენტში მითითებულია, რომ ნინოს დიაგნოზია ხერხემლის დისკის დაზიანება, რომელსაც თან ახლავს ემოციური მდგომარეობა. სხვა არაფერი, არანაირი დოკუმეტნი არ წარუდგენია პროკურატურას სასამართლოზე, გარდა ამ ფორმა 100-ისა, რომელიც 2019 წელსაა დაწერილი“, – ეუბნება თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებას.
სამოქალაქო აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას უკეთეს შემთხვევაში დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.
იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოს დარბაზში: როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატ თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.
ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.
ფორუმი