„კავკასიის უნივერსიტეტთან 2009 წლიდან ვთანამშრომლობ, როგორც მოწვეული ლექტორი.
უნივერსიტეტში ისეთ სტუდენტებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებმაც უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე მე ვასწავლე მათ. ვამაყობ მათთან ჩემი ურთიერთობით, მათი წარმატებით. ვამაყობ მათი აქტიური მოქალაქეობით და მიზანსწრაფულობით, რაც ამ დღეებშიც არაერთხელ გამოჩნდა.
ამ წლების განმავლობაში ვკითხულობდი რამდენიმე საგანს, თუმცა სისტემატურად ვკითხულობდი “გამოხატვის თავისუფლების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს”. დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს.
მადლობას ვუხდი სხვადასხვა დროს კავკასიის მედია სკოლის ორივე დეკანს, ლია ჩახუნაშვილს და ნინო ჟიჟილაშვილს ნდობისთვის, მხარდაჭერისა და იმ გარემოსთვის, რომელსაც მედიის სკოლაში სტუდენტებს და ლექტორებს უქმნიდნენ”. – წერს ნინიკო რობაქიძე „ფეისბუქზე”.