ნიკუშა კაცია მოსამართლეს – თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე

ახლა, თქვენ რომ გითხრათ, მკვლელი ხართო, აი, ასეთ უსამართლობასთან მაქვს საქმე , – ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულზე დაკავებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ მისი საქმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, სამართალდამცავებმა ნიკოლოზ კაციას პირადი ჩხრეკისას 14 გრამი ნარკოტიკული საშუალება – “კოკაინი” ამოიღეს. ასევე, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საბოლოოდ კი, პროკურორის თქმით, სასამართლო დარწმუნდება, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომ ნიკოლოზ კაციამ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა.
პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
ადვოკატ ნინო ლომინაძის განმარტებით, ნიკუშა კაციას მიმართ მთელი რიგი უფლებრივი მდგომარეობა დაირღვა და სასამართლოში მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.
სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა კაციამაც. მისი თქმით, ისჯება იმის გამო, რომ “ქვეყანა უყვარს და სხვებისგან განსხვავებული აზრი აქვს”.
“პირველ რიგში, თავისუფლება მზია ამაღლობელს. სიმბოლურად ცარიელი ფურცლები წამოვიღე, ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ციხიდან ცარიელი ფურცლების გამოტანასაც მიკრძალავენ. [უნდა დამეწერა] “ჩადების ღამე -თან ერთად”, “რაც ჩამიდეთ, თქვენვე დაგიბრუნდებათო”. თურმე მითხრეს, რომ შეურაცხმყოფელი ფრაზები არ შეიძლება…. მთელი ცხოვრება რომ დამტოვონ ციხეში, არ ვაპირებ იგივე ვუსურვო, ბატონი ჭიტაძეს [პროკურორი] იქნება, თუ სხვას. [ციხეში] დამცინიან, იცინიან ადამიანები, მოქმედებაზე, საუბარზე”,- განაცხადა კაციამ.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა