ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, საერთოდ არ მინახავს თვალით, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკუშა კაციამ მისი საქმის გამომძიებელთან დაკავშირებით განაცხადა.
გამომძიებელი მირზა ჯაფარიძე სასამართლოში ჩვენებას აძლევს და ჰყვება, თუ როგორ მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კაციას დაკავება და მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების ამოღება.
„სწორ პოზიციაში არ მიმაჩნია ჩემი თავი, კითხვები დავუსვა, ადამიანს, რომელიც იქ არ ყოფილა საერთოდ. ადამიანი, რომელიც მახსოვს ბევრი ლოკაციიდან, საერთოდ სხვა ადამიანია. ასეთი აბსურდის მომხრე თუ გავხდებოდი, არ მეგონა“, – განაცხადა კაციამ, თუმცა, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, მან მოწმე გამომძიებელს კითხვები მაინც დაუსვა.
„თქვენ ამბობთ რომ ლაშა ხარხელაურმა ამოიღო ნივთიერება. მას ჩემს არც ერთ ჯიბესთან შემხებლობა არ ჰქონია, რატომ აბრალებთ მას? რატომ ბრალდება მას, რომ ჩემს ჯიბესთან რამე კონტაქტი ჰქონდა? ამ შემთხვევაში, ლაშა ხარხელაურის ინტერესებს ვიცავ, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია ჩემს ჯიბესთან შემხებლობა….
თუკი წინააღმდეგობას გიწევდით, როგორ ჩამიყავით ჯიბეში ხელი? მე ჯიბეებზე ხელი დავიფარე. რატომ არ მაქვს ნანახი ის, რაც საქმეში დევს, პაკეტს ვგულისხმობ თავისი ნარკოტიკული საშუალებებით“, – განაცხადა კაციამ, რასთან დაკავშირებითაც მას ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მას „რა თქმა უნდა, ნანახი აქვს პაკეტი”.
„როგორც თქვენ თქვით, ჩემი დამშვიდების შემდეგ, რატომ არ მოხდა ვიდეოგადაღება?”- მიმართა გამომძიებელს კაციამ, რაზეც მან უპასუხა, რომ „მისი დამშვიდების შემდეგ, მისი ნივთები უკვე ამოღებული იყო და რა უნდა გადაეღოთ“.
„რა გესაქმებოდათ ჩემს პირის ღრუში და იღლიებში? გარდა იმისა, რომ ეს იყო ემოციურად მიუღებელი, დამამცირებელი იყო“, – მიმართა მას კვლავ ბრალდებულმა, ეს კითხვა მოსამართლემ განარიდა, რადგან პასუხი უკვე გაცემული ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, ის ამ დროს „ოქმს ავსებდა”.
