ნიკო მანაგაძის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკო მანაგაძის ინფორმაციით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.
როგორც ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, მასთან გამოძიებას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო. რა მოხდა: „იმედის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (“მთავარი არხის” ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას, უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში. (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში). და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ „პოლიციელებზე“ კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ “კოლეგებს”. საქართველო. 2024. პ.ს. ტელეკომპანია “იმედმა” მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო“,- წერს ნიკო მანაგაძე.
ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება გუშინ დაიწყო.