ნიკო მანაგაძე: გთხოვთ, ვიყოთ ერთად ამ ბრძოლაში ბოლომდე პრინციპულები და ნუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ივანიშვილი ოცნებობს

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე:

ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ამის შესახებ საჯაროდ (რამდენიმე დღის წინ კი ვთქვი რო ვიტყოდი, თუმცა მაინც თავს ვიკავებდი კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე), მაგრამ იმ მიღებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც, ოთხი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებიდან ერთ-ერთი (გახარიას პარტია) ხვალ ოფიციალურად აპირებს ივანიშვილის 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას, საჭიროდ მივიჩნიე ეს ამბავი მოვყვე და კიდევ ერთხელ ვთხოვო, გადახედონ თავიანთ პოზიციას.
ამ შუაღამეს ცოტა გათიშული ვარ და შეიძლება არეულად ვწერო, მაგრამ იმ ფაქტორიდან გამომდინარე, ვაიძულებ საკუთარ თავს რო დავჯდე ამის მოსაყოლად. ბოდიში ვრცელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექსტისთვის.
ჩემგან ბევრმა იცოდა ეს და არასდროს დამიმალავს – შარშან პოტენციურად განვიხილავდი იმას, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდებოდა (მაგრამ თავის ფუნქციას არ დაკარგავდა, ისე როგორც დღეს მოხდა სამწუხაროდ), 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩემს ქალაქში, ჩემს უბანში, საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსით მეასპარეზა. ქალაქის ცენტრალური უბანია, სადაც ყოველთვის სახელისუფლებო პარტიების კანდიდატები იგებენ, ამიტომ ვფიქრობდი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით თუ ვიყრიდი კენჭს, რთული კომპრომისი არ იქნებოდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომ საკუთარი კანდიდატურები არ დაეყენებინათ და მხარი დაეჭირათ, რომ “ჩემი გავლით” ეს უბანი გამოგვეგლიჯა ქოცებისთვის ხელიდან.
გაზაფხულის დადგომისთანავე სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მასში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხის თაობაზე. დაიწყო საინფორმაციო ისტერია, რაც იმთავითვე უცნაურად გამოიყურებოდა და ბადებდა საფუძვლიან ეჭვს იმის შესახებ, რომ რეჟიმი ცდილობდა ერთი მხრივ ამ თემის დამყოფ ფაქტორად შემოგდებას, მეორე მხრივ, ოპოზიციის ნაწილი მაინც დაეფიქრებინა სერიოზულად თავის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობის რელევანტურობაზე (გირჩელებს მიკროფონს არ აცლიდნენ პირიდან, რომლებიც თავის “კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს” მოუწოდებნენ, ეფიქრათ არჩევნებში მონაწილეობაზე).
ჩემი ამ “გეგმების” შესახებ (რაზეც ზემოთ ვისაუბრე) იცოდნენ “ოცნების” წარმომადგენლებმაც, რომელთა ნაწილთან პირადი ურთიერთობაც მაკავშირებს (2023 წლის მარტიდან გაევლო ამ ურთიერთობებში წითელი ხაზი დიდწილად, 7-8 მარტის მოვლენების შემდგომ, როცა იზოლატორი დავტოვე). მაგრამ გარკვეული “შუამავლები” დღემდე არსებობენ. (და არსებობენ ასევე “წყაროები” ვისგანაც გამომქონდა ის ინფორმაციები, რაც აქამდე არაერთხელ გამიზიარებია საჭიროებისამებრ და ვის ვინაობასაც არავითარ შემთხვევაში არ გავცემ).
🔻 რამდენიმე კვირის წინ, ქუთაისში ყოფნისას, ნახევრად არაფორმალურ გარემოში მთხოვეს გასაუბრება – ვინ, ამას არ დავაკონკრეტებ და ვისი გავლით მოხდა ამ შეთავაზების გაკეთება. საკმარისი მიზეზები მაქვს იმისთვის (ჩემ ადგილას რომ იყოთ, თქვენც ასე მოიქცეოდით, გარწმუნებთ), რომ არ ვისაუბრო დეტალებზე, ფორმებზე და ვინაობებზე მეტი კონკრეტიკით არავისთან. ეს ის პერიოდია, როცა მსხვილი ოპოზიციური პარტიებიდან ჯერ კიდევ უარი მოსჩანდა მომავალ “არჩევნებში” მონაწილეობის საკითხზე.
შემოთავაზება იყო ასეთი: (მით უმეტეს) თუკი “მსხვილი” ოპოზიცია არ იყრიდა კენჭს არჩევნებზე და თავიანთ კანდიდატებს არ წარადგენდნენ, დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა ამ უბანში და ფაქტობრივად გარანტიას მომცემდნენ იმისა, რომ მანდატს დამითმობდნენ (რა გზებით, კონკრეტიკაში აღარ შევსულვართ ჩემივე მკვეთრი პოზიციიდან გამომდინარე, თუმცა რთულად მისახვედრი არაა როგორ ხდება ოპონენტისთვის გამარჯვების “ჩუქება”). რა თქმა უნდა, საუბარი დიდხანს (და სიღრმეებში) აღარ გაგვიგრძელებია ჩემი მკაფიო და დაუყოვნებლივი პასუხის გამო ამ “გარიგებაზე”.
ანუ კარგად რომ გესმოდეთ, იმასაც კი არ მთავაზობდნენ, რომ ფსევდო ოპოზიციონერად შევსულიყავი საკრებულოში ან რაღაც ამგვარი, პირიქით: “შენ შენსას მიაწექი, გააგრძელე ჩვეულებრივ ოპონირება, აბსოლუტურად არაფერს ვითხოვთ შენგან, იყავი ჩვეულებრივი ოპოზიციონერი, ისეთივე გულწრფელად ხისტი, როგორიც დღეს ხარ თუნდაც ჩვენ მიმართ, უბრალოდ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მანდატი გქონდეს, მხოლოდ კენჭი იყარე და იასპარეზე” – ეს იყო დაახლოებითი შინაარსი.
ცხადია ჩემი პასუხი ამბის მოსმენისთანავე იყო მკაფიო და ცალსახა – არანაირ თამი შესვლას არ ვაპირებ.
მთავარი, რაც ამ საუბარმა დამიტოვა, რაზეც კიდევ უფრო დამაფიქრა და რის გამოც ამას საჯაროდ ვყვები, არის ის, რა მდგომარეობაში არიან ამ “არჩევნებთან” მიმართებაში, რომ “კონკურენტებს” თვითონვე ეძებენ – მიზეზი იყო ის, რომ ოპოზიციის ყველა მსხვილი გაერთიანება ფაქტობრივად უარს ამბობდა ამ თვითდამაზიანებელ მასკარადში მონაწილეობაზე, რასაც 4 ოქტომბრის ფსევდო არჩევნები ჰქვია. ვკითხე, მეთქი რატო თმობთ ასე, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ კითხვა არც დამისრულებია, იმდენად სულელურად ჟღერდა და ისეთი ცხადი იყო პასუხი, მე თვითონ “მოვხსენი” კითხვა და სხვა მიმართულებით გადავიტანე საუბარი. თავადაც არ ჩათვალეს საჭიროდ ამის ახსნა (არ მაკადრეს😀). არც გაგვიგრძელებია დიდხანს საუბარი, არაფერი იყო გასარჩევი, ჩემი დამოკიდებულება ცხადი და ერთმნიშვნელოვანი იყო.
ამის შემდეგ სულ ვფიქრობ, ასე თუ ინდივიდუალურ პირებს “ეჩალიჩებიან”, რო არჩევნებზე კონკურენციის ილუზია შექმნან, კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან რა მუშაობა და “ჩალიჩი” მიდის, რო როგორმე შეიტყუონ საასპარეზოდ (თუნდაც რაიმე ფარული პირობებით). და ქუთაისის (ზოგადად დიდი ქალაქების) უბნებში თუ ასე უჭირთ კონკურენციის ფონის შექმნა, მცირე ზომის ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებთან მიმართებაში რა მდგომარეობაში იქნებიან იმის გათვალისწინებით, რო იმ ტიპის მცირე მასშტაბის პარტიებს, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მასკარადში მონაწილეობა (გირჩს და ალტ-ინფოს) და დიდი რეგიონული წარმომდგენლობა/აქტივი არ ჰყავთ, ცხადია იმის რესურსიც არ ექნებათ, რომ იქ საკუთარი კანდიდატები იპოვონ (ასეთ მცირე ზომის დასახლებებში მხოლოდ მსხვილი პარტიები შედიოდნენ კონკურენციაში “ოცნებასთან”), შესაბამისად, მთელ რიგ ოლქებში უბრალოდ მარტო რჩებიან ბიულეტინზე, რაც კატასტროფული სანახავი იქნება საკუთარი ამომრჩევლებისთვისაც კი – კომუნისტების შემდეგ ერთკაციანი არჩევნები არ ჩატარებულა და რისკის ქვეშ არიან, რომ სწორედ ეს არჩევნები გამოდგეს ასეთი კატასტროფული ფორმის მატარებელი ქვეყნის დიდ ნაწილში. გასულ ყველა არჩევნებს (როგორ საშინლადაც არ უნდა ჩატარებულიყო) თუ საერთაშორისო დამკვირვებლები კონკურენტულად მაინც აფასებდნენ იმ ფაქტორის გამო, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყო აქტიურად და კანდიდატებს შორის ფორმალური კონკურენცია არსებობდა, 4 ოქტომბერს, პირველად ისტორიაში, ამ შეფასების დაკარგვის ზღვარზეც დგანან.
პირდაპირ გეუბნებით, ქოცები არიან შავ დღეში. არ ჭირდებათ ხალხო ამათ რო საკრებულოში პირობითად 30 წევრიდან 30-ვე ქოცი იყოს, იქ რამდენიმე ოპოზიციონერი მაინც უნდათ რომ იჯდეს ფონისთვის (ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე). სიგიჟე იქნება ასეთი სურათი მთელი ქვეყნის მასშტაბით. პლუს, მთელ რიგ მცირე ოლქებში ბიულეტინებში პირდაპირი მნიშვნელობით მარტო დარჩენა.
ბევრ მიზეზზე მისაუბრია, რაც ყველასთვის ერთი შეხედვითაც მარტივად აღსაქმელია, რატომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუქმნას ფორმალური ანტურაჟი რომელიმე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ ივანიშვილს თავის ფსევდო არჩევნებზე და რატომაა წარმოუდგენელი კატასტროფა ამ მოცემულობაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა, მორალური ფაქტორები რომ გვერდით გავწიოთ – ადრე დავწერე ამის შესახებ და ისევ დაგიკოპირებთ იმ ტექსტის ნაწილს:
“იმ ხალხს რას ეუბნებით, ვისაც უკვე უთხარით რო ივანიშვილს გაყალბების წარმოუდგენლად მასშტაბური ინსტრუმენტები აქვს და ასე მოახდინა მანიპულაცია 26 ოქტომბრის არჩევნებზეო? თუ მაშინ გააყალბა და ახლა აღარ იზამს? რაიმე გაუმჯობესდა მას შემდეგ (გინდ ინსტიტუციონალურად, გინდ საარჩევნო კოდექსში)? თუ პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა? ის აპარატები გაგიხსნეს, რომელშიც ეჭვი იყო რო დუბლირებული სიებია ჩატვირთული და მასობრივადაა შესაძლებელი სხვისი მონაცემების გამოყენებით (ან საკუთარით, სხვადასხვა უბანზე) ხმის მიცემა? ან ამ არჩევნებზე გახდიან გამჭვირვალეს? საერთოდ საღ აზრთან ახლოს ხართ, თუ მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებთ, რო რეგიონებში აქტივი გაამაგროთ? მართლა გგონიათ რო იმის მეოთხედი მაინც მოვა ხმის მისაცემად, რამდენმაც წინა არჩევნებზე გადაწტყვიტა ხმის მოცემა? ან საერთოდ ვინმე დააკვირდება და იბრძოლებს თქვენი საკრებულოს რამდენიმე იაფფასიანი მანდატისთვის?
ივანიშვილის 4 ოქტომბრის “არჩევნები” არის პრინციპულობის, ადეკვატურობის და კეთილსინდისიერების ტესტი ყველა პარტიისთვის და ვინც ფეხს შედგამს იქ, მგონი უნდა გესმოდეთ ოპოზიციური ამომრჩევლის დამოკიდებულება მის მიმართ სამუდამოდ როგორ ფორმირდება..”
– ამ ტექსტით ადრე მოგმართეთ და ისევ ლეგიტიმურია ეს შეკითხვები, მისი შინაარსი.
გახარია საქართველოსთვის / For Georgia გთხოვთ, არ მიიღოთ იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც, გარწმუნებთ, 4 ოქტომბრის საღამოს, როცა კალანდარიშვილის ტაბლოზე რიცხვებს შეხედავთ, თავში გარტყმევინებთ ხელს და სასტიკად განანებინებთ ამ გადაწყვეტილებას.
ეს “არჩევნები” არ უნდა შედგეს ისე, როგორც ეს ივანიშვილს უნდა – ნუ შეუქმნით ფორმალური კონკურენციის სურათს, გთხოვთ. დატოვეთ მარტო საკუთარ თავთან, რაც თავსატეხად აქვთ დღევანდელ დღემდე.
აბსოლუტურად მესმის, უმძიმესი რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ რეგიონულ ოფისებს, იქ მყოფ აქტივს და ზოგადად, მთელ პარტიულ ინფრასტრუქტურას თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმით (რაც 4 და 5 ნომრების კოალიციებმა გააკეთეს), ფიქრობთ, რო შეიძლება ყველაფერი ჩამოგეშალოთ, მაგრამ მაგ რისკზე უარესი რისკის ქვეშ დაიყენებთ საკუთარ თავს სხვა ნაბიჯის გადადგმით. და საშინელებას გაუკეთებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ რეჟიმის რეალური ჩამოშლისთვის იბრძვის.
კიდევ მინდა ყველას ვკითხო: 2021-ში რამდენი წევრიც გაიყვანეთ საკრებულოებში ოპოზიციამ, ხომ ზუსტად იცით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ რომ იყაროს კენჭი, ფიზიკურად შეუძლებელია იმავე შედეგის გამეორებაც კი თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა წინა არჩევნებზე (როცა რეჟიმის საწინააღმდეგო ელექტორატის მაქსიმალური მობილიზაცია იყო და ხალხი ხელისუფლების შესაცვლელად ემზადებოდა) იმდენი ხმა დაიწერა, რამდენიც თავისი მმართველობის პერიოდში აქამდე არასდროს მიუღია; 2021-ში ვინც შეიყვანეთ საკრებულოებში, იმათმა რა გააკეთეს რეჟიმის დასასუსტებლად და ახლა რომ შეიყვანთ, ესენი რით ჩამოშლიან? ან ახლა საერთოდ, როცა (26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლების გაფორმების გამო) თვითმმართველობებში ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული, რა ლოგიკაა იმავე ფორმაციაში ჩასატარებელ “არჩევნებში” მონაწილეობასა და საკრებულოს ახალი წევრების გასაყვანად ბრძოლაში?
ასევე მოგმართავთ ძლიერი საქართველო • Dzlieri Sakartvelo-ს, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას, გახსენით დისკუსია, გავცვალოთ აზრები და არგუმენტები. ნუ იხელმძღვანელებთ მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებით ამ საკითხთან მიმართებაში, რაც კატასტროფულ შედეგს მოგვიტანს საბოლოო ჯამში ყველას.
მეგობრებო, ძალიან მინდა ყველამ გავაცნობიეროთ რა მოცემულობა გვიდგას ივანიშვილის 4 ოქტომბრის ფსევდო არჩევნების სახით და ადეკვატურად ვიმოქმედოთ. შემთხვევით არ მომიყოლია ის ამბავი, რაც ზემოთ მოვყევი. ზოგჯერ არაფრის გაკეთება და რაღაცის სრულად უგულებელყოფა უფრო ეფექტურია და უკეთ მუშაობს, ვიდრე რაღაც გაუგებარ შერკინებაში შესვლა, სადაც რეზულტატი წინასწარაა განსაზღვრული (ყველა გაგებით).
ოთხივე ამ პარტიას/გაერთიანებას თანამებრძოლად აღვიქვამ ამ ბრძოლაში (მიუხედვად განსხვავებებისა) და ნებისმიერი მათგანის მხრიდან გადადგმული კატასტროფული ნაბიჯი ყველაზე აისახება. და აისახება ივანიშვილის ლეგიტიმაციაზე. აისახება მისი რეჟიმის დასრულების პერსპექტივაზე.
ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ვიყოთ ერთად ამ ბრძოლაში ბოლომდე პრინციპულები და ნუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ივანიშვილი ოცნებობს, რაც მის რეჟიმს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ნუ შევუქმნით ივანიშვილს დემოკრატიის ფორმალურ შლეიფს.
პ.ს. აქვე გთხოვთ, იმ ამბის მეტ დეტალზე ნუ შემეკითხებით. მთავარია ის, რაც ამ ამბავმა მაჩვენა და რა ზოგადი სურათის გაზიარებაც მინდოდა ამ საკითხის კონტექსტში.