FMCG (სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის) სექტორის ზომა საქართველოში საკმაოდ სწრაფად იზრდება – ბაზრის ზომა თითქმის გაორმაგდა 2018-23 წლებში და 21 მილიარდი ლარი შეადგინა 2023 წელს. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც მკვეთრი ზრდაა 2018 წელს არსებული 22%-დან. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამის შესახებ საუბარია „გალტ & თაგარტის“ კვლევაში, რომელიც საქართველოში FMCG სექტორს მიმოიხილავს
FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ამასთან, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი 71% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოყვება სასმელები და თამბაქო.
მთლიანად სექტორი 2018-23 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა და გააგრძელებს 10%-იან ზრდას 2024-2028 წლებში.
„ბრენდული ქსელები საშუალოდ 28.1%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა 2018-2023 წლებში. ბრენდული ქსელების წილი 21.7%-დან 38.6%-მდე გაიზარდა 2018-23 წლებში.
ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-28 წლებში გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 55.6%-მდე ზრდას გამოიწვევს.
ბრენდული ქსელების ბაზარზე სულ 50 კომპანიაა, თუმცა დიდი ოთხეულის საბაზრო წილი 55%-ს აღწევს. დიდ ოთხეულში შედის „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „კარფური“ და „სპარი“.
„ტოპ-4 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების ბაზარზე 55%-მდეა, ხოლო ჯამურად FMCG ბაზარზე დაახლოებით 21%,“- ნათქვამია კვლევაში.