„ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ლიზი ნუცუბიძე – სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს

ლიზი ნუცუბიძე ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც მიმდინარე წელს „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიატები გახდნენ. საქართველოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო სტიპენდიას ყოველთვიურად აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს გადასცემს. სტიპენდიატების შერჩევა ყოველ სემესტრულად ხდება.
ამჯერად გაგაცნობთ ლიზი ნუცუბიძეს, რომელიც მიმდინარე სემესტრში პირველად გახდა „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი.
მოგვიყევით თქვენ შესახებ
საკუთარ თავზე საუბრის დაწყება საკმაოდ მიჭირს და აქედან გამომდინარე რთულ საქმედაც მიმაჩნია. ამჟამად მესამე კურსის სასურსათო ტექნოლოგიების სტუდენტი ვარ. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება და რაღაც ახლის შესწავლა იქნებოდა ჩემი ცხოვრების გზის გაგრძელება. ამჟამად დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ.
ბავშვობიდან დიდ კავშირს ვგრძნობდი მუსიკის მიმართ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის ჰობი არის ის, რაც ყოველდღიურობის რთული მომენტების დაძლევაში ეხმარება, სიამოვნებას ანიჭებს, გულში დიდი რაოდენობის სითბოს უღვრის და რისი კეთებაც არასოდეს არ ეზარება. ჩემთვის პირადად ასეთი, რამ არის მუსიკის მოსმენა. ჩემი დღე წარმოუდგენელია ჩემი ყურსასმენების გარეშე. გამორიცხულია ქუჩაში მათ გარეშე გავიდე. მუსიკის მოსმენისას ვმშვიდდები, სევდისგან ვთავისუფლდები და ვგრძნობ, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება. ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის და მომავლის რწმენა არ უნდა დავკარგოთ. ყოველდღიურად დროის რაღაც ნაწილს სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენას ვუთმობ. ალბათ, ამ მხრივ ცოტა მეტი ნიჭი რომ მქონოდა, ბოლომდე მივუძღვნიდი თავს.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ავ-კარგიანობა მასწავლა და ვინც დღეს როგორიც ვარ, ისეთად მაქცია, დედაჩემია. ის რომ არა, საკითხავია საერთოდ შევძლებდი კი სტიპენდიატებში მოხვედრას?
ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებ ბაკალავრიატს. გეგმაში მაქვს მაგისტრატურის გაგრძელება, რათა კვალიფიკაცია ავიმაღლო. შემდეგ კი მსურს, წვლილი შევიტანო სასურსათო ტექნოლოგიების განვითარების საქმეში.
როდის და რატომ გადაწყვიტეთ კვების ტექნოლოგიაზე ჩაგებარებინათ?
ამ ფაკულტეტზე სწავლის საბოლოო გადაწყვეტილება აბიტურიენტობის დაწყებამდე მივიღე. ბავშვობის ლიზი ამ სფეროსგან საერთოდ განსხვავებულს, სამედიცინოზე სწავლას ნატრობდა და სჯეროდა, რომ მრავალი ადამიანის ცხოვრებას შეცვლიდა. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მივხვდი, რომ ეს უკანასკნელი ნამდვილად არ მოერგებოდა ჩემს პიროვნებას ისე, როგორც წარმომედგინა. ამიტომაც, დავიწყე ძიების პროცესი და აბიტურიენტობის დროს მივხვდი, რომ სასურსათო ტექნოლოგიები იყო ერთ-ერთი ფართო და მრავალპროფილური საქმიანობა, რომელიც გახდებოდა ჩემი ნამდვილი პროფესია. ყოველდღიურად უფრო და უფრო ვრწმუნდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ უკანასკნელს ჩვენს ყოველდღიურობაში.
რას გვეტყვით უშუალოდ სწავლის პროცესზე, რა გამოწვევების წინაშე დადექით კვების ტექნოლოგიების შესწავლის დროს?
თავდაპირველად, სწავლის პროცესი საკმაოდ დამქანცველი იყო, ვინაიდან სკოლისგან საკმაოდ განსხვავებულ პირობებში აღმოვჩნდით და წარმოდგენა არ გვქონდა, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. თუმცა, დღეს, უშუალოდ სწავლის პროცესი საკმაოდ სასიამოვნოა. ამ დროს ხშირად საკუთარ თავებს საზღვრებს ვუწესებთ და მერე ამ ლაბირინთიდან გზის გამოკვლევა გვიჭირს. ამ კუთხით პირადად მე შემიძლია ის ტექნოლოგიური საგნები ვახსენო, რომელთა დაძლევა არც თუ ისე მარტივი იყო და დიდ შრომას მოითხოვდა.
რა არის სტუდენტისთვის მთავარი მოტივაცია რომ ისწავლოს?
ჩემი აზრით, სტუდენტთა მთავარი მოტივაცია რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ რიგში, ადამიანებს სწავლის სურვილს გვიღვიძებს მიზანი, რომელსაც დავისახავთ ხოლმე. სწორედ, მიზნებისკენ სწრაფვის უდიდესი ჟინი გვაძლევს დიდ ენერგიას. გარდა ამისა, ვფიქრობ, სტიპენდიები და მსგავსი აქტივობები სტუდენტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ეს უკანასკნელი გვანახებს, რომ სწავლა უსაზღვრო შესაძლებლობების გასაღებია.
რამდენად ელოდით რომ სტიპენდიატი გახდებოდით და რას შეცვლის ეს სტიპენდია თქვენთვის?
სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ ველოდი. ალბათ, ძალიან დიდხანს დარჩება იმ დღის ემოციები ჩემს გულში, როცა გავიგე სტიპენდიატი გავხდი. უნივერსიტეტის ეზოში ვიყავი კურსელებთან ერთად, როდესაც ტელეფონმა დარეკა და ეს ამბავი მითხრეს. წამში ისეთი დადებითი ენერგიით დავიმუხტე, რომელიც ჯერ კიდევ მავსებს. ეს ფაქტი სამომავლოდ ჩემს რწმენა-წარმოდგენებს შეცვლის. დამაჯერებს, რომ სწავლას ყოველთვის აქვს აზრი და ნათელი შედეგი. ეს უკანასკნელი კი ერთ დღეს რაღაც ხერხით აუცილებლად გამოჩნდება.
თქვენი აზრით, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას კვების ინდუსტრია საქართველოში?
დღეს საქართველო, ისევე როგორც მსოფლიო, კვების ინდუსტრიის კუთხით დიდი გამოწვევების წინაშე დგას. პირველ რიგში, ამას განაპირობებს მოსახლეობის ზრდასთან ერთად მათი მოთხოვნების ზრდაც. ყველას გვსურს, უზრუნველყოფილი ვიყოთ მრავალფეროვანი და უვნებელი სურსათით. მისი დაკმაყოფილება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ინოვაციებთან ფეხის აწყობას მოითხოვს. დღეს საკმაოდ მოკლე დროში იქმნება სხვადასხვანაირად გაუმჯობესებული პროდუქტი. მსგავსი რაღაცების დანერგვა კი დიდ ბუნებრივ და ტექნოლოგიურ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ადამიანებს გვსურს, ნაკლები რესურსის გამოყენებით მეტი მოგება ვნახოთ. ასევე, მთავარ გამოწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნაყოფიერი ნიადაგების შერჩევა და სწორად გამოყენება.
როგორია კვების ინდუსტრიის მომავალი თქვენი თვალთახედვით?
კვების ინდუსტრია ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც ადამიანების აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე იზრდება ინტერესი კვების ტექნოლოგიის მიმართულებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის რაოდენობა ყოველდღე იზრდება. კვების ინდუსტრიის მომავალი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ სფეროს განვითარება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესების პირდაპირპროპორციულია.
როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 20 წლის შემდეგ?
ჩემი აზრით, 20 წლის შემდეგ ვიქნები საქართველოში, თბილისთან შორი-ახლოს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ და მექნება სამსახური, რომელიც გამაბედნიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი ოცნება, რომელიც ახლა მაქვს, ახდენილი მექნება. იმედი მაქვს, რომ წარსულთან დაკავშირებით არც ერთ ასპექტში არ მექნება სინანულის განცდა. 20 წლის შემდეგ, როდესაც გადავხედავ ჩემი ცხოვრების გზას, იმედია ღიმილით გავიხსენებ ყველა იმ მოგონებას, რომლებსაც ნელ-ნელა დავაგროვებ.