ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს – სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს

სომხეთს სურს და ისწრაფვის, ევროკავშირის წევრი გახდეს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად დავაფიქსირეთ, რომ ეს რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს. ქვეყანამ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.
„არსებობს ორი ვარიანტი: ქვეყანას ან მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. რომც არ მიიღონ, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მისი თქმით, ბრიუსელში ბოლო ვიზიტის დროს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი განიხილეს.
ფაშინიანმა თურქეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასვა შეკითხვა, თუ რისი იმედი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიერ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებით აღშფოთებულები არიან.
„მათ სურთ თქვან, რომ ისეთ ქვეყანასთან, როგორიც თურქეთია, ომის გზას უნდა დავადგეთ? საერთოდ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ?“ – აღნიშნა ფაშინიანმა.