სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული თეზისზე, რომ სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს უფლება დაიცვას თავი და მიიღოს პრევენციული ზომები.
„თუ აზერბაიჯანული რიტორიკის ამ თეზისებს უფრო კომპაქტურად და მარტივად განვიხილავთ, მაშინ ყველაფერი შემდეგამდე დადის: სომხეთი ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ აზერბაიჯანმა განახორციელოს სომხეთზე შეტევა, როგორც პრევენციული ზომა. ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი ნამდვილად თვლის, რომ სომხეთი აპირებს თავდასხმას, ან თვითონ აპირებს თავდასხმას და ცდილობს ამისთვის საფუძვლის შექმნას. ორივე შემთხვევაში, ძირითადი წინაპირობაა ის, რომ აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს“, – აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის სტატიაში, რომელსაც სომხური მედია აქვეყნებს.
მისი თქმით, თეზისები იმის შესახებ, რომ სომხეთის აზერბაიჯანზე თავდასხმას აპირებს, უბრალოდ გამოგონილია.
ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკა ახორციელებს არმიის რეფორმირებას გარკვეული პრინციპის ფარგლებში, ანუ, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ.
„ეს, სხვათა შორის, ნებისმიერი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებაა და მისი გამოწვევა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. აქვს თუ არა რაიმე კავშირი სომხეთის არმიის რეფორმებს აზერბაიჯანთან? დიახ და თან არა. არა, რადგან, სომხეთს არ აქვს არანაირი გეგმა, განზრახვა ან მიზანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო ქმედება განახორციელოს. დიახ, რადგან სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები სწორედ აზერბაიჯანში გენერირდება“, – წერს ფაშინიანი.
