ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია

ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ მადლობას გადავუხდიდით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყოველთვის მადლობას ვუხდიდით, აქ არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს, მაგრამ სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს მადლობებს რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო ერთი წლის წინ, ახლა უკვე რეალობაა. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ფორუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ახლა უკვე შესაძლებელია, რომ მომავალი ახალი პრიზმიდან იქნას დანახული.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ დაკავშირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად, ინსტიტუციურ დონემდე უნდა დავიდეს ეს გადაწყვეტილება. სატრანსპორტო კავშირები მიგვიყვანს საერთო საზიარო სარგებლამდე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამას მივყავართ საერთო ურთიერთდამოკიდებულებამდე. ეს პოლიტიკურად შეიძლება ცუდად ჟღერს, რომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები, მაგრამ როდესაც ქვეყნები თანამშრომლობას იწყებენ გახსნილად და გულღიად ტრანსპორტის სფეროში, ამას მოჰყვება ეკონომიკური ზრდა. ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს საერთო ძალისხმევა ყველას ინტერესებშია, ყველას აქცენტი უნდა გაკეთდეს ტერიტორიულ მთლიანობაზე, სტაბილურობაზე ქვეყნების უნარზე, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღონ ერთმანეთთან მიმართებით. ეს სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისას, ჩვენ ნამდვილად ერთმანეთს ვესაუბრებოდეთ და შეთანხმებები იდებოდეს, დეკლარაციების ხელმოწერა ხდებოდეს ამ ნდობის საფუძველზე. ეს დამყარებული მშვიდობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის იმისთვის, რომ გავიაზროთ წარსული, 100-ზე მეტი წელი გავაანალიზოთ და შევხედოთ, რა შეიძლება გაკეთდეს განსხვავებულად მომავალში, სხვა პრიზმით შევხედოთ მომავალს, სხვა რაკურსით შევხედოთ ისტორიას“, – განაცხადა ფაშინიანმა.