პროევროპული აქციებისას დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მე-4 დღეა, შიმშილობა განაახლა.
ამის შესახებ ირკვევა ჯავახიშვილის 4 თებერვლით დათარიღებული წერილიდან, რომელსაც ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს.
„სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე. ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება). საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა. ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას. განა რამდენს დაგვიჭერენ?!
არ ვიცი, რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან, მაგრამ შიმშილობით მაინც ვეცდები. ჩემი პასუხია „შეტევაზე — შეტევით“. არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს გავიმარჯვებთ,
ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს“, — წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი და თანამებრძოლებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.
მანამდე ნიკოლოზ ჯავახიშვილმა 5 დღე იშიმშილა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად.
20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მათ 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




