ნიკოლოზ ჯავახიშვილი: ვერც დარბევა და წყლის ჭავლი გამაჩერებს, ვერც არალეგიტიმური ხელისუფლება თავის კანონებთან ერთად, ვერც დაკავება, ვერც ცემა, ვერც ზეწოლა და ვერც, მათ შორის, ციხე

სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა საზოგადოებას:
 „2023 წლიდან, როდესაც პირველი რუსული კანონი შემოიტანეს, რუსთაველის გამზირზე ვიდექი და ვიბრძოდი სა და რუსების წინააღმდეგ. ჩემი აქტიურობის შედეგიც ეს არის, სადაც ვარ ახლა.
არალეგიტიმურ ხელისუფლებას სურს, სრულიად ჩამოაშოროს ჩვენი მიწა-წყალი ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ არ გამოვა იმიტომ, რომ ქართველ ხალხს ჯერ კიდევ შერჩენია წინააღმდეგობის და ბრძოლის უნარი.
იმდენი რამის თქმა მინდა, რომ შემიძლია საათობით, გაუჩერებლად ვილაპარაკო ან ფურცლებზე ვწერო, სანამ კალამი არ გათავდება.
აქციის დროს დაზარალებული მეც ვარ, მაგრამ არავის დავუკითხივარ. 2024 წლის 1 მაისს, გამთენიისას, 9 აპრილის ქუჩაზე რეზინის ტყვია მომხვდა ხელში. ორი დღე ხელს ვერ ვგრძნობდი, გაბზარული მქონდა ძვლები, 1 თვე მეკეთა თაბაშირი.
14 მაისს, როდესაც მასობრივი დარბევა დაიწყო რობოკოპებისგან და ტიტუშკებისგან, მაგ დროს ჯებირთან მეც ვიყავი. ივნისის შუა რიცხვებში მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2500 ლარით დამაჯარიმა ე.წ. ჯებირის დაზიანების გამო. სად არის სამართალი? დღე და ღამე პარლამენტის წინ ვიყავი ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, იქ მეძინა პლედშემოხვეულს.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ რამე მაინც დამეშავებინა და სამართლიანად ვიქნებოდი ციხეშითქო, მაგრამ არ ვარ არც მოძალადე და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მე უბრალოდ ერთი მოქალაქე ვარ, რომელსაც სურს თავისი აზრი გამოხატოს ისე, რომ არ ცემონ, არ დაიჭირონ, არ დაარბიონ და არ დააჯარიმონ. იყოს მშვიდად და იცხოვროს განვითარებულ ქვეყანაში ოჯახთან ერთად.
ვერც დარბევა და წყლის ჭავლი გამაჩერებს, ვერც არალეგიტიმური ხელისუფლება თავის კანონებთან ერთად, ვერც დაკავება, ვერც ცემა, ვერც ზეწოლა და ვერც, მათ შორის, ციხე.
6 წელი რომ მომისაჯონ, მერე ხომ გამოვალ. ვერ გაჩერდებით ქოცებო, თქვენი დასასრული ახლოვდება.
12 ივნისია, მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა ე.წ. მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა. მათეს მინდა მხნეობა და გამძლეობა ვუსურვო.
ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და მაწუხებს, მაგრამ განსაკუთრებით ერთი კითხვა – თუ ერთხელ მაინც გამოხვედით აქციაზე რეჟიმის წინააღმდეგ, ახლა სად ხართ? გგონიათ თქვენ არ შეგეხებიან? ძალიან ცდებით. ამ ყველაფერს გააზრებულად ვამბობ. ჩვენ, რეჟიმის ტყვეები, ყველაფერს ვაკეთებთ ციხიდან რაც შეგვიძლია, მაგრამ არ გამოვა თქვენ გარეშე. […]
ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილია…
მე, რეჟიმის ტყვემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მინდა მოგმართოთ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ – ბრძოლა ბოლომდე! ყოველდღე! არცერთი ნაბიჯით უკან. სრული სვლით თავისუფლებისკენ. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ძირს რუსეთის მონები! დამხობა რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას და ქოცებო, ოლე ოლა. თქვენი დასასრული ახლოვდება“, – ამბობს ნიკოლოზ ჯავახიშვილი აუდიოჩანაწერში, რომელსაც სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთევან ქერაშვილი ავრცელებს.