ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი მოსამართლეს – თქვენს ადგილას რომ ვიჯდე, იცით, რა კითხვა გამიჩნდებოდა? რატომ ისროლა პიროტექნიკა ჯავახიშვილმა ჰაერში?

თქვენს ადგილას რომ ვიჯდე, იცით, რა კითხვა გამიჩნდებოდა? რატომ ისროლა [პიროტექნიკა] ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ჰაერში? იმედია, ის თავის დასკვნით სიტყვაში ამაზე ისაუბრებს და საზოგადოებას მოახსენებს, – ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
მან დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ის პროცესზე კლასიკურ დასკვნით სიტყვას არ იტყვის და მისი სიტყვა ნიკოლოზ ჯავახიშვილისკენ იქნება მიმართული, რომელიც ავსაჯანიშვილმა ციხეში გუშინ მოინახულა.
ადვოკატის თქმით, ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო.
„მინდა ნიკოლოზს ავუხსნა, თუ რატომ ვწვალობ ამდენს და რატომ დავდივარ სასამართლო პროცესებზე, მისი რეპლიკიდან გამომდინარე, რომელმაც გუშინ მკითხა, რას აქვს აზრი, მაინც გამამტყუნებენო. არ დაგიმალავ, მეც ასე ვფიქრობ, ყველაზე ძნელი კი, უდანაშაულო ადამიანის დაცვაა. ვუშვებ, რომ უდანაშაულო ადამიანი შეიძლება გამტყუნდეს“, – განაცხადა ავსაჯანიშვილმა.
ის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებს აჯამებს.
როგორც ავსაჯანიშვილი აცხადებს, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ჯავახიშვილის მიერ გასროლილი ფოიერვერკი ჰაერში იყო და ის საფრთხეს ვერავის შეუქმნიდა.
ავსაჯანიშვილის თქმითვე, ვერც ერთმა მოწმემ ვერ თქვა, რომ მის მიერ გასროლილი პიროტექნიკა პოლიციელებისკენ იყო მიმართული.
„როდესაც სამართლის პირველ კურსზე ვიყავი, წავიკითხე, რომ სამართლის მიზანია, დაადგინოს ობიექტური სიმართლე, მერე ცოტა რომ გავიზარდე, აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს 3 სახის სიმართლე. თქვენთან, ბატონო მოსამართლევ, ეს სიმართლე ვერ აღწევს…
მჯერა, რომ ამ სასამართლო პროცესზე მაინც დადგინდება, რომ ეს ფაქტი არ მომხდარა. მოწმეებმა ვერ დაგვიდასტურეს, რომ ეს ფაქტი მოხდა, ვიდეოზეც არ ჩანს. მე რომ თქვენს ადგილას ვიჯდე, იცით, რა კითხვა გამიჩნდებოდა? რატომ ისროლა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ჰაერში? იმედია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი თავის დასკვნით სიტყვაში ისაუბრებს და საზოგადოებას მოახსენებს, თუ რატომ ისროლა ჰაერში“, – განაცხადა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.