ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა იმავეს ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ის გვარები, რომლებიც ამ ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაშია, ამომრჩეველს უბიძგებს, რომ მათ ხმა არ მისცეს.
„ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელება, ზოგადად, კარგია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, თუ ვისთან და რასთან ექნება საქმე. ის გვარები, რაც ჩამოთვალეთ, პირიქით ჩვენს საზოგადოებას უბიძგებს იმისკენ, რომ სწორედ ამ ძალებს ხმა არ მისცენ, იმიტომ, რომ ყველა ძალიან დამძიმებულია საკუთარი წარსულით სწორედ იმ მიმართულებებზე და სფეროებში, რომელიც ჩამომითვალეთ. რასაც უფრო მეტს იტყვიან და მეტჯერ შეახსენებენ თავს საზოგადოებას, მით უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებენ არჩევნებზე. ეს არის დადასტურება იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსად წასულა. ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია, არის „ნაციონალური მოძრაობის” წევრი. შესაბამისად, ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობა იმავეს ამტკიცებს, რომ ეს არის დიდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თითქოსდა, შედგება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკა გვარამიას, საგარეო საქმეთა მინისტრად ანა ნაცვლიშვილი ან სალომე სამადაშვილი განიხილება, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.