საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სინგაპურის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაიმართა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, დიგიტალიზაციის, ტურიზმის და განათლების სფეროებში ისაუბრეს.
ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეებისთვის სინგაპურში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი დააყენა.
შეხვედრებისას ისაუბრეს როგორც შავი ზღვის, ასევე ასეანი-ს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები გააცნო.
დელეგაციის ხელმძღვანელმა სინგაპურის ხელისუფლებას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ სტრატეგიულ პროექტებს, მათ შორის „შუა დერეფანს” და სინგაპურული კომპანიების შესაძლო ჩართულობას აღნიშნულ პროექტებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.