“ორიოდე სიტყვა აბუ დაბიში მომხდარის კონტექსტისა და შესაბამისი პერსპექტივების გასააზრებლად.
ზოგადად, ნავთობით გამდიდრებულ არაბულ ქვეყნებს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ნავთობის ერა (და შესაბამისი შემოსავლების ნაკადი) დასასრულს უახლოვდება. ამიტომ ყველა ამ ქვეყანაში არსებობს ეკონომიკის დივერსიფიკაციის სახელმწიფო სტრატეგია – უდიდესი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები ხორციელდება განათლებაში, ტექნოლოგიებში, ტრანსპორტში, ვაჭრობაში და, რა თქმა უნდა, ტურიზმში. იგივე “ქოლდფლეის” კონცერტი აბუ დაბის ისტორიაში ყველაზე დიდი მსგავსი შოუ იყო, მრავალმილიონიანი ბიუჯეტითა და სახელმწიფოს ზედამხედველობით.
ტურისტული პოტენციალის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის მოგზაურის, სტუმრის ფიზიკური უსაფრთხოება. არსებობს დანაშაულებრიობის დონის საერთაშორისო ინდექსი Numbeo Crime Index – მსოფლიოს რამდენიმე ასეული დიდი ქალაქის რეიტინგი მათში დანაშაულის დონის მიხედვით – რომელსაც გლობალური ტურ-ოპერატორები და გადამზიდავები ყოველთვის ითვალისწინებენ ტურების და სატრანსპორტო ხაზების დაგეგმვისას. დაა… რომელი ქალაქი იყო ამ სიის პირველ ადგილზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში?…
დიახ, აბუ დაბი!
ამ სიის თავში ყოფნა აბუ დაბის საერთაშორისო პრესტიჟის და სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამიტომ აბუ დაბი, რა ცუდადაც არ უნდა ხვდებოდეს ეს სიტყვები ჩვენს ყურს, “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკას ატარებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევის და დამრღვევის მიმართ.
Enter Georgia
რა ვქენით ჩვენ? არა უბრალოდ სასტუმროს სასადილოში, ქვეყნის ისტორიაში უდიდესი შოუს სანახავად ჩამოსული დასავლელი ტურისრების და მათი ჩვილი ბავშვების თვალწინ და მათთვის საფრთხის შემცველად, მოვაწყვეთ დებოში, არამედ შესაბამისი ვიდეო-კადრები ბეჯითად გადავიღეთ და სოციალურ ქსელებში გავავრცელეთ.
მინიმალური ეჭვიც არ მეპარება, რომ მომდევნო წლის Numbeo Crime Index-ის შემდგენელები ამ ვიდეოკადრებს ნახავენ და მათი საბოლოო ვერდიქტის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება დამნაშავეთა მიმართ გატარებული ზომების სიმკაცრე.
ეს არ იყო უბრალოდ რესტორანში “მუშტის ქნევა” და “თეფშის სროლა”. ეს იყო მთელი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედის დამაზიანებელი საჯარო აქტი. ამ ინციდენტის შემოქმედები მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. საქართველოს სახელმწიფოს დიდი ძალისხმევა მოუწევს მათ გამოსახსნელად და, რომც ჰქონდეს დღეს ამის შნო, რაშიც ეჭვი მეპარება, სამწუხაროდ, შეიძლება არც არაფერი გამოუვიდეს,” – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ლოლაძე.