ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წევრები ვართ და თუ გვინდა, რომ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, საკუთარი ქალაქიდან უნდა დავიწყოთ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისში მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კახეთელიძის თქმით, ლოკალური, თუ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში ყველა ადამიანს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრია.
„მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილს, თბილისსაც საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის გამოწვევები, რაც დღის წესრიგში დგას, როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე, დედაქალაქის წინაშე. კარგად გვესმის, რომ ქალაქი რთული ცოცხალი ორგანიზმია და მის ურბანიზაციას ყოველთვის თან ახლავს მცირე თუ დიდი გამოწვევები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“ და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია ლოკალური თუ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში“,- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.
როგორც საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კახეთელიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ დონეზე სივრცით მოწყობაში ადგილობრივი ორგანოების მნიშვნელობაზე. ამასთან, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში სივრცითი დაგეგმარების როლსა და სივრცითი დაგეგმარების ძირითად ელემენტებზე.
ამას გარდა, ნიკოლოზ კახეთელიძემ მწვანე სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე, მდგრად ტრანსპორტირებაზე, მიწის ეფექტიან გამოყენებასა და გამძლე ინფრასტრუქტურის აუცილებლობაზე ისაუბრა.
თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.