ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ხელისუფლება ჩიხში მოქცეულ სეპარატისტებს მაშველ რგოლს სთავაზობს სქემით, რომელიც უკვე იურიდიულად მოარღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

რადგან ბოდიში და შერიგება ე.წ. აფხაზ და ოს ძმებთან და საეჭვო მოდელით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა “ოცნების” ცენტრალურ პოლიტიკურ მესიჯად იქცა, აუცილებელია მკაფიოდ სიცხადის შეტანა ამ საკითხში კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იძულების გზით და მხოლოდ ამ იძულების რეჟიმში უნდა იქნეს გამოყენებული ის სიკეთეები, რომლებიც მათ შეიძლება შევთავაზოთ.
“ცალსახად უნდა ითქვას, რომ კეთილი ნებით ჩვენთან შერიგებას და, მითუმეტეს, ერთიან სახელმწიფოში შემოსვლას არავინ აპირებს და არ დააპირებს, რადგან:
1.ეშინიათ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე პასუხისმგებლობის;
2.არ აქვთ სურვილი მიტაცებული ქონების დაბრუნების;
3.ეს ტერიტორიები მიაჩნიათ საკუთარ ეთნიკურ საკუთრებად;
4.დაუშვებლად მიაჩნიათ დემოგრაფიული სურათის შეცვლა და ა.შ, შესაბამისად, ამ მიმართულებით გადადგმული ჩვენი ყოველი ნაბიჯი და გაკეთებული განცხადება მათ მიერ იქნება გამოყენებული მხოლოდ საკუთარი სეპარატისტული პოზიციის განსამტკიცებლად.
მკაფიოდ ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იძულების გზით და მხოლოდ ამ იძულების რეჟიმში უნდა იქნეს გამოყენებული ის სიკეთეები, რომლებიც მათ შეიძლება შევთავაზოთ. იძულებითი რეჟიმისთვის საჭიროა არა ბოდიში და რაღაც “ბრალის” აღიარება, არამედ სწორედ სეპარატისტების მიერ ოკუპანტ რუსეთზე დაყრდნობით და მისი მონაწილეობით კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე და საერთაშორისო არენაზე ყოველმხრივი განმტკიცება იმ პოზიციის, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ასეთ დანაშაულზე წარმოშობილი დემოგრაფიული თუ პოლიტიკური რეალიები საფუძვლად დაედოს რაიმე ახალი სახელმწიფოებრიობის წარმოშობას და აღიარებას.
ასეთი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლისა და იზოლაციის პირობებში ამ ტერიტორიის მოსახლეობაში წარმოიშობა გაგება იმისა, რომ საქართველოს ერთიან სახელმწიფოში დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს.
პრობლემის ამგვარი გადაწყვეტისთვის ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესია თანდათან ქმნის იდეალურ პირობებს, რადგან ის წარმოჩინდა მსოფლიო არენაზე როგორც აგრესორი, დამნაშავე და ბოროტი ძალა და, შესაბამისად, მისი ქმედებების შედეგად შექმნილი ე.წ. ახალი რეალიები სეპარატისტული კვაზი სახელმწიფოების სახით, უნდა გაუქმდეს, ხოლო შესაბამისი ტერიტორიები ადმინისტრაციულად შევიდეს მათი კანონიერად მფლობელი სახელმწიფოების შემადგენლობაში. ამისათვის კი აუცილებელია სეპარატისტები რუსეთთან ერთად დამნაშავე ფენომენად საბოლოოდ დამკვიდრდნენ საერთაშორისო არენაზე.
საერთაშორისო თანამეგობრობა და ინსტიტუტები თანდათან სწორედ ბუნებრივად მიდიან ამ პოზიციაზე. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება საწინააღმდეგო მიმართულებას ირჩევს და ჩიხში მოქცეულ სეპარატისტებს მაშველ რგოლს სთავაზობს, თანაც, იმ სქემით, რომელიც უკვე იურიდიულადაც მოარღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საბოლოოდ ჩამოაშორებს მათ ჩვენს სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს შემადგენლობაში გადასვლის პერსპექტივით”, – განაცხადა ვაშაკიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ