ნიკოლოზ გინტურის თქმით, მისი ძმის ერთ-ერთმა სავარაუდო მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა

თამაზ გინტურის ძმის, ნიკოლოზ გინტურის თქმით, ოჯახის მიერ მისი ძმის სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა, ვასილ დემიდოვმა სახელი შეიცვალა.
“დემიდოვმა, როგორც ვიცი, და სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, გვარი და სახელი შეიცვალა. სად არის და როგორ არის, არ ვიცი. მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, გადმოსცენ და გაასამართლონ ჩვენს მხარეზე, პირველ რიგში დემიდოვი. მაგათთან ერთად ბევრი ჯარისკაცი იყო, სულ ცოტა ათი-თორმეტი”. – თქვა ნიკოლოზ გინტურმა ფორმულასთან ინტერვიუში.
ნიკოლოზ გინტურმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდო მკვლელების დასახელების შემდეგ, იგი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 15 ნოემბერს დაიბარეს.
“ოფიციალური უწყება ყოველდღე მირეკავს – როდის მოიცლი, როდის ჩამოხვალ? მე შეთანხმებული ვარ, ხვალ უნდა ჩავიდე, ხვალ უნდა დამკითხონ და ამის მერე გაცნობებთ ყველაფერს”. – ამბობს გინტური.