ნიკოლოზ ალავიძე: სახელმწიფო ბანკის შექმნა აშენებული საბანკო სექტორის ნგრევის ტოლფასია

„სახელმწიფო ბანკის შექმნა აშენებული საბანკო სექტორის ნგრევის ტოლფასია“, – ასე აფასებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საზოგადოებრივი მოძრაობა “ჯერ საქართველოს” თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკის შექმნის დაანონსებას.

ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ სახელმწიფო ბანკი ყოფილი „საპარტნიორო ფონდისა“ (საქართველოს განვითარების ფონდი) და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკის პრაქტიკის ნაწილი იქნება კრედიტების გაცემაც.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბანკის შექმნა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სექტორისთვის – საბანკო სისტემისთვის, დამაზიანებელია.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – რამდენად წონიანი შეიძლება იყოს მთავრობის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბანკი იმ სექტორს დააფინანსებს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მიმზიდველი არაა და შეიძლება, უფრო იაფადაც, ვინაიდან ბიზნესის შეფასებით, საბანკო კრედიტი ქვეყანაში ძვირია – ნიკა ალავიძემ თქვა:

„ქართულ ბანკებს გრძელვადიანი რესურსის მოზიდვის პრობლემა არ აქვთ; მთავარი ბარიერი [საკრედიტო რესურსის] ფასია, რასაც ხშირად თავად სახელმწიფო ინსტიტუტების გაუმართავი მუშაობა განაპირობებს“.

მისივე თქმით, პარადოქსულია, როცა კერძო ბანკები სესხის გაცემისთვის მზად არიან, სახელმწიფო ქმნის კვაზი-ბანკს.

„მთავარი რისკი ის არ არის, რომ ეს “სახელმწიფო ბანკი” დააფინანსებს იმას, რასაც ბანკები ვერ აფინანსებენ; მთავარი რისკია, რომ დააფინანსებს იმას, რასაც ბანკები შეგნებულად არ აფინანსებენ, ეკონომიკური არამიზანშეწონილობის გამო.

განვითარება არ იზომება დახარჯული ფულით. საჯარო ფინანსებში მსგავსი კონსტრუქციები ხშირად სრულდება პოლიტიკურად მოტივირებული პროექტებით და რისკის გადატანით გადასახადის გადამხდელებზე.

წარმატებული განვითარების ინსტიტუტები გამოირჩევიან ვიწრო მანდატით, დამოუკიდებელი მმართველობით და ძლიერი ზედამხედველობით. ისინი ფასდებიან შედეგით და არა დახარჯული ბიუჯეტის ზომით.

საქართველოს უკვე აქვს ის, რაც განვითარებისთვის საჭიროა: ძლიერი საბანკო სექტორი, საერთაშორისო კაპიტალზე წვდომა და IFI-ებთან თანამშრომლობა. პრობლემა არა – ინსტრუმენტების დეფიციტში, არამედ მათი გამოყენების წესებშია“, – აცხადებს ეკონომისტი.

ნიკა ალავიძის აზრით, მართალია, საბანკო სექტორი ამ ეტაპზე „დიპლომატიურად დუმს“, მაგრამ მათ მოუწევთ ხმის ამოღება, რადგან სახელმწიფო ბანკი ბაზარზე არათანაბარ პირობებს ქმნის.

„იმედია, ერთი ქალაქი – ერთი ბანკისკენ არ წავა ქვეყანა“ – სარკასტულად აღნიშნა მან.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით