ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ციხის საკნებიდან პატიმრების შეძახილი ისმოდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „სარკოზი აქ არის“.
თავად ნიკოლა სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.
„უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს“, – დაწერა ნიკოლა სარკოზიმ.
ამასთან, ციხის დირექტორის განცხადებით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.
პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში – მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.