ნიკოლას მადურო: კიბერთავდასხმის გამო ხმების დათვლის დეტალურ შედეგებს ვერ ვასაჯაროებთ

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ 31 ივლისს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს საპრეზიდენტო ს აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართა.
მადურომ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა ხმების დათვლის ამსახველი ყველა დოკუმენტი გაასაჯაროოს. მისი მხრიდან ეს პირველი დათმობაა მას შემდეგ, რაც არჩევნები კრიტიკისა და ეჭვის ობიექტი გახდა.
ვენესუელაში ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებს შეუძლია დაბეჭდოს ცხრილები, რომელიც თითოეულ ხმას აღრიცხავს. ექსპერტები ამბობენ, რომ მათი გასაჯაროება საუკეთესო გზა იმ დავის გადასაწყვეტად, რაც ხმების დათვლასთან დაკავშირებით არსებობს. თუმცა საარჩევნო საბჭო ასე არ იქცევა და მადურო ამბობს, რომ ამას საარჩევნო სისტემის „დაჰაკვის“ გამო ვერ ახერხებენ.
„თავს სასამართლოს მივანდობ და მზად ვარ, გამომკითხონ, დამკითხონ და გამომიძიონ“, — ამბობს მადურო.
გარე დამკვირვებლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ სასამართლო მთავრობასთან ზედმეტად დაახლოებულია საიმისოდ, რომ არჩევნების დამოუკიდებელი შეფასება გააკეთოს. საერთაშორისო პრესა წერს, რომ ვენესუელაში მოსამართლეებს ხელისუფლების წარმომადგენელი ჩინოსნები წარადგენენ და მათ ამტკიცებს ეროვნული ასამბლეა, სადაც მადუროსთან ასოცირებული ხალხი დომინირებს.
„გამოდის, რომ ხელისუფლების მიერ დანიშნულმა სახელისუფლებო ინსტიტუტმა უნდა შეაფასოს ხელისუფლების მიერ დადებული საარჩევნო შედეგები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. ეს არ არის დამოუკიდებელი შეფასება“, — განაცხადა ჯენი ლინკოლნმა, რომელიც „კარტერის ცენტრიდან“ არჩევნებზე დასაკვირვებლად წარგზავნილ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
მადუროს მთავარი მეტოქე ედმუნდო გონსალესი და ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ამბობენ, რომ მათ ხმების ამსახველი დოკუმენტების ორი მესამედი მიიღეს, რაც ხმის მიცემის ელექტრონულმა აპარატებმა დაბეჭდა ხმის მიცემის შეწყვეტის შემდეგ. ოპოზიციონერების თქმით, ეს მონაცემებიც დაადასტურებს, რომ მადურომ არჩევნები წააგო.
ამ დროს მადურო ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ მისი მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაა მომზადებული და რომ საარჩევნო სისტემა გატეხილია, „დაჰაკულია“. მადურო ამტკიცებს იმასაც, რომ აქვს მტკიცებულება, თითქოს თავდასხმების უკან ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო დგას. კითხვაზე, რატომ არ გაასაჯაროვა ხელისუფლებამ ხმების დათვლის დეტალური შედეგები, მადურომ უპასუხა, რომ ეროვნული საარჩევნო საბჭო თავდასხმის, მათ შორის კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა.
ვენესუელის გენერალური პროკურორის თქმით, 1000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული თავდასხმების გამო.
საარჩევნო საბჭოს (CNE) მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემებით, 28 ივლისს ვენესუელაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხმების 51,2% მიიღო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა — 44,2%. მაშინ, როცა ეგზიტპოლები საპირისპირო მონაცემებს აჩვენებს, ოპოზიცია არ ენდობა ოფიციალურ შედეგებს და გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აცხადებს.
ვენესუელის დედაქალაქში, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო. უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა პროტესტთან დაკავშირებულ ძალადობრივ ქმედებებს და ათობით ადამიანი დაშავებულია.
მსოფლიო ლიდერების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადუროს გამარჯვებას და შედეგების სამართლიან შემოწმებას ითხოვს.
-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა, რომ გამოცხადებული შედეგი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას და ხმებს. მან ასევე ხაზი გაუსვა ყველა ხმის სამართლიანად და გამჭვირვალედ დათვლისა და ოპოზიციისთვის შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას.
X-ზე გამოეხმაურა არჩევნების შედეგებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ვენესუელის არჩევნების შედეგებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებზე განცხადებები გააკეთეს ლათინური ამერიკის რესპუბლიკების სხვა ლიდერებმაც, ურუგვაის, პერუს, კოლუმბიის, კოსტა-რიკის, პანამის ლიდერებმა, რომელთა შორის მადუროს მოკავშირეებიც არიან.
არგენტინის პრეზიდენტმა მ, ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მადუროს „დიქტატორი“ უწოდა და სთხოვა, ხელისუფლებიდან წასულიყო.
ვენესუელის არჩევნების ოფიციალური შედეგები ეჭვქვეშ არ დაუყენებია კრემლს. პუტინმა მადუროს „გულითადი მილოცვა“ შეუთვალა და ვენესუელასთან სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი. სხვა მიმლოცველები არიან კუბა, ჰონდურასი, ნიკარაგუა, ჩინეთი, ირანი და კატარი.
ვენესუელას ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი აქვს და ერთ დროს ლათინური ამერიკის გამორჩეულად მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო, სანამ მადურო 2013 წელს პრეზიდენტი გახდებოდა.
2014 წელს აქეთ ქვეყანა რვა მილიონამდე ვენესუელელმა დატოვა, რაც ქვეყნიდან მოსახლეობის ყველაზე დიდი გადინებაა მთელი ლათინური ამერიკის უახლეს ისტორიაში. ვენესუელელების დიდი ნაწილი კოლუმბიაში გადავიდა საცხოვრებლად.