ტრამპი თავისი პოლიტიკით დიდ პრობლემას უქმნის ამერიკას, როგორც სუპერ-სახელმწიფოს. თავისი განცხადებებით, ასევე, პრობლემას უქმნის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რაც ძაბავს ურთიერთობას მოკავშირესთან – ევროკავშირთან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძე
„პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი შეფასებით, დონალდ ტრამპი „ნარცისიზმით“ არის დაავადებული და თავის თავს აჯერებს, რომ რაღაც შეუძლია, ან პოპულისტია, რომელიც უბრალოდ რიგითი ამერიკელების გულის მოგებას ცდილობს.
“ტრამპი თავისი პოლიტიკით დიდ პრობლემას უქმნის ამერიკას, როგორც სუპერ-სახელმწიფოს. თავისი განცხადებებით, ასევე, პრობლემას უქმნის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რაც ძაბავს ურთიერთობას თავის მოკავშირესთან – ევროკავშირთან. ჯერ ეკონომიკური თვალსაზრისით, ყოველწლიურად, ამერიკა ახორციელებს ევროკავშირის ბაზაზე დაახლოებით 2 მლრდ დოლარის მოცულობის ექსპორტს. მეორე საკითხია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა იყო სუპერ-სახელმწიფო, “ცივ ომში” წარმატებას ევროპასთან თანამშრომლობით მიაღწია. ამერიკამ, დაახლოებით, 5 ტრილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა “ცივი ომის” პერიოდში მოკავშირეებთან ერთად.
ამერიკა ახლა, შეიძლება, მოკავშირეების გარეშე დარჩეს, რუსეთი მისი მოკავშირე, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ გახდება, ჩინეთის მიმართ ტარიფების დაწესებაზე იმუქრებოდა და 10%-იანი ტარიფი დაუწესა, ჩინეთმა კი საპასუხოდ 15%-იანი ტარიფი დაუწესა. ტრამპი პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და ან მართლა თავის თავს აჯერებს, რომ რაღაც შეუძლია, ნარცისიზმით არის დაავადებული ან არის პოპულისტი, რომელიც ცდილობს, რიგითი ამერიკელების გული მოიგოს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში ომის არიდება, პოლიტოლოგმა განაცხადსა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთი დიალოგის პარალელურად საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებოდა.
“სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში, დაახლოებით 200 000 კაციანი კონტინგენტი განათავსა რუსეთმა უკრაინის გარშემო, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიაზე და თითქოს სამხედრო წვრთნებს ატარებდა. მაშინ პუტინმა მოსინჯა ძალები, მაგრამ შემდგომში უკვე აშკარად გადაწყვიტა შეჭრა, თუმცა, სანამ შეიჭრებოდა, დასავლეთს მან შესთავაზა, რომ ნატო უნდა დაჰბრუნებოდა 1997 წლის საზღვრებს, რაც აბსოლუტურად არარეალისტური გეგმაა. ამაზე რას ეტყოდა ალიანსი, რომ რამდენიმე ქვეყანას გარიცხავდა ნატოდან? ეს მიზეზი იყო, რომ შემდგომში პუტინს ეთქვა – მე შევთავაზე კონსტრუქციული დიალოგით და მათ უარი მითხრეს, ამიტომ, სხვა გზა არ მქონდაო – ეს იყო საკუთარ მოსახლეობაზე გათვლილი მიზეზი. ეს განცხადებები კეთდებოდა, ამასობაში, მზადდებოდა ომი”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
