კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრებმა – ნიკა ჩერქეზიშვილმა და ვატო სურგულაძემ, ავარიული შენობების, სკოლებში უფასო კვების, უფასო სასადილოებისა და ცხოველთა მონიტორინგის შესახებ კოალიციის ინიციატივა წარმოადგინეს.
როგორც თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, მათი ინიციატივა ავარიული შენობებისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული 7 მილიონი ლარის 50 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს. რაც შეეხება ცხოველთა მონიტორინგს, მათი წინადადება, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსების გასამმაგებას გულისხმობს.
„დღეს საკრებულო განიხილავს, ბიუჯეტის პროექტს და ცალსახად, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი აგებულია „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის პარტიულ ინტერესებზე და არანაირად არ პასუხობს თბილისელების გამოწვევებს. ჩვენმა კოალიციამ, „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ წარადგინა ინიციატივა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. თბილისელებისთვის ეს არის ავარიული შენობები, უფასო სასადილოები, ბავშვთა კვება სკოლებში და ცხოველთა მონიტორინგი. თქვენ იცით, რომ თბილისში, დაახლოებით, 10 ათასზე მეტი ავარიული სახლია და მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 100 მილიონი ლარით განისაზღვრა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. გვაქვს ინიციატივა, რომ ეს თანხა გაიზარდოს 50 მილიონამდე და ყოველ მომდევნო წელს გაორმაგდეს. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, გასამმაგდეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსება, რადგან მიუსაფართა ცხოველთა მდგომარეობა დღეს, თბილისში, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ქალაქისა და საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
სკოლებში ბავშვთა კვებისა და უფასო სასადილოების შესახებ ბრიფინგზე ვატო სურგულაძემ ისაუბრა. მისი თქმით, უნდა დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ სექტემბრიდან 1-4 კლასის ბავშვებს უფასო კვება ჰქონდეთ სკოლებში. რაც შეეხება სასადილოებს, კოალიციის ინიციატივაა, რომ ორმაგად გაიზარდოს მათი დაფინანსება.
„კიდევ ორი ინიციატივა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ერთი არის სკოლებში კვება პირველიდან მეოთხე კლასამდე. ჩვენი ბავშვების 35% ვერ იღებს კვებას სკოლაში, საქართველოს მასშტაბით. ეს არის „საქსტატის“ ინფორმაცია და არა „დიპ სტეიტის“. ამიტომაც, ამ საკითხის გადაჭრა აუცილებელი და სავალდებულოა. ჩვენ გათვლები გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება ეს იანვრიდან დაიწყოს, მაგრამ ამაზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ სექტემბრიდან ბავშვებმა, პირველიდან მეოთხე კლასამდე შესაბამისი კვება მიიღონ. რომ არ ვიყოთ პრაქტიკულად ბოლოში წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკაში და სხვა მონაცემებში. ეს არის პრობლემა.
მეორე ინიციატივაა უფასო სასადილოები. შეიძლება 6 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ფასი? პასუხია, „კომპანიებს აწყობთ 1.70..“, „ხალხი არ მოდის და საჭმელს არ იღებს..“ რატომ არ იღებს? ერთი, რომ არ ვარგა ის საჭმელი და მეორე, უბრალოდ არასწორად არის გათვლები გაკეთებული. ჩვენი ინიციატივაა, რომ ორმაგად გაიზარდოს დაფინანსება“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.




