დღეს ერთი წელი შესრულდა მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან, რომელიც ნათელი, გაუტეხელი, ღირსეული საქართველოს ყველაზე ნათელი გამოხატულებაა – თითოეული მოქალაქის ვალია, მხარი დავუჭიროთ მას დღევანდელ მარშზე, რომელიც მის მხარდასაჭერად, თანადგომისა და იმის გამოსახატად იმართება, რომ ჩვენ მის გადადგმულ ნაბიჯს ვაფასებთ, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თბილისი საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ჩერქეზიშვილის თქმით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა „სისტემას სიმბოლურად გააწნა სილა“.
„დღეს ერთი წელი შესრულდა მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან, რომელიც ნათელი, გაუტეხელი, ღირსეული საქართველოს ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. ვფიქრობ, რომ დღეს თითოეული მოქალაქის ვალია, მხარი დავუჭიროთ მას დღევანდელ მარშზე, რომელიც მის მხარდასაჭერად, თანადგომისა და იმის გამოსახატად იმართება, რომ ჩვენ ვაფასებთ მის გადადგმულ ნაბიჯს. მან სისტემას სიმბოლურად გააწნა სილა და ამხილა მისი არაერთი მანკიერება. ეს ბრძოლა ყოველმხრივ უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ვუერთდებით ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა. ჩვენი პარტიული ღირებულებები აბსოლუტურად ემთხვევა მზია ამაღლობელის ფასეულობებს“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
გარდა ამ თემისა, ჩერქეზიშვილმა ისაუბრა თბილისის გაზრდილ ბიუჯეტზეც.
„ჩვენ, „ლელო-ძლიერ საქართველოს“, გვქონდა ინიციატივა, რომ შემოგვეღო უფასო კვების პროგრამა. თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 200 მილიონია. პირველიდან მეოთხე კლასამდე, დაწყებითი კლასების მოსწავლეების უზრუნველყოფა რომ მოგვეხდინა [კვებით], 50 მილიონი ლარი იყო ამისთვის საჭირო. ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს საქართველოში, არის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობა. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დახმარება ოჯახებისთვის. ამაზე პასუხი მივიღე სწორედ იმ არგუმენტით, რომ თბილისის მერიის კომპეტენცია არ არის საჯარო სკოლების უზრუნველყოფა. ახლა, სწორედ ერთი თვის შემდეგ, თბილისის მერიის კომპეტენციაში შემოდის ეს ამბები იმიტომ, რომ ვერც განათლების სამინისტრო, ვერც ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სისტემას ვერ გაუმკლავდა. უკვე სამი ინსტიტუცია ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოში მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება. ამ მხრივ, სერიოზული გამოწვევებია. როგორც ჩანს, სახელმწიფო ბიუჯეტს უჭირს ძალიან და სხვადასხვა კომპეტენცია, რომელიც სხვა ინსტიტუციებს, სხვადასხვა სამინისტროს ჰქონდა, ნელ-ნელა ყველას ერთად აწვება. ცალკეული სამინისტროები ვეღარ უმკლავდებიან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას“,- განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
მისივე თქმით, „უშუალოდ საკრებულო, რაღაც სანოტარო ბიუროდ არის ქცეული“.
„არ ხდება რეალური განხილვები, რეალური მსჯელობები, წინადადებების შეთავაზება. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციური დეპუტატები ამაში ჩართულები არ ვართ. ამ მხრივ შეზღუდულები ვართ“,- განაცხადა ჩერქეზიშვილმა.




