კახა კალაძემ გვითხრა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ის იკავებს თბილისის მერის პოზიციას და ზუსტადაც რომ მისი პასუხისმგებლობაა თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტომობილების პარკირების საფასურისა და ჯარიმების არაპროპორციული ზრდა! – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტარიფების ზრდის პარალელურად, მოქალაქეებისთვის სერვისი არ გაუმჯობესებულა.
„კალაძე ალბათ ამ შემთხვევაშიც იტყვის, რომ ეს მისი საქმე არ არის და „ვიღაც სხვები აძვირებენ“, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მუნიციპალური სერვისების გაძვირებას „გლობალურ ომის პარტიას“ ვერ დავაბრალებთ.
2021 წელს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი გაორმაგდა, პარკირების ჯარიმა კი 5-ჯერ გაიზარდა! აქ პრობლემა ის არის, რომ ჯარიმების ასეთი მასშტაბური ზრდის მიუხედავად, სერვისი არ გაუმჯობესებულა.
კალაძეს თბილისში არცერთი მუნიციპალური პარკინგი არ აუშენებია და დედაქალაქში მანქანის გაჩერება ხშირად შეუძლებელია! მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში საპარკინგე ადგილები მცირდება.
2018 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში თბილისში სულ 4 მილიონამდე საჯარიმო ქვითარი დაიწერა და პარკირების მოსაკრებლის, ჯარიმის და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის საფასურის სახით მოქალაქეებმა 130 მილიონ ლარამდე გადაიხადეს. ვკითხოთ თბილისელებს – ამ 130 მილიონიდან რა დაუბრუნდათ უკან გაუმჯობესებული სერვისის სახით?
ეს უზარმაზარი შემოსავლები თბილისის მერიას პრობლემის გადაჭრისკენ არ მიუმართავს. კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს დადო თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობის დაპირება. 9 წელი გავიდა და შედეგს ყველა საკუთარი თვალით ხედავს.
თბილისის მერიამ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, ვისი ბრალია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება? პარკირების საფასურის გაძვირება? ჯარიმების გაძვირება? ამ ფაქტებსაც შეისწავლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ირაკლი კობახიძის მიერ შექმნილი კომისია?
კახა კალაძეს უნდა ესმოდეს, რომ თბილისის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენით, მან სოციალური კონტრაქტი დადო თბილისის მცხოვრებლებთან და როცა მოქალაქე მეტს იხდის და უკეთეს მომსახურებას არ იღებს, ამაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.




