„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისის მერის, კახა კალაძის აქტიურობა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ არ დაკარგოს არჩევნებზე ხმები და არა იმით, რომ „სინდისმა შეაწუხა“.
როგორც მან მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ვერცერთი ხმა კახა კალაძემ ვერ უნდა წაიღოს სამგორიდან, ვარკეთილიდან და სწორედ ამით აგოს პასუხი იმ გულგრილობისთვის, არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში დამართა მეტროსადგურ „ვარკეთილს“.
„მეტროსადგური „ვარკეთილი“ არის კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების კიდევ ერთი ადგილი. მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მაშინ გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ყვარელმშენთან“, რომელსაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 347 ათასი ლარი ჩაერიცხა. თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და დასრულებიდან 5 თვის შემდეგ ჩამოინგრა ჭერი, 14 ადამიანი მოიყოლა ქვეშ. ამის შემდეგ, გავიდა რამდენიმე წელი და კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის აღდგენა ისევ ვერ მოხერხდა და ეს მისივე შეფასებით, იყო დიდი სირცხვილი. ამის შემდეგ სირცხვილის კიდევ 6 წელი გავიდა. ახლა, 2025 წლის 12 აგვისტოს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამ პერიოდში პარალელურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტია დახარჯული. ის აქტიურობა, რომელიც ახლა „ქართული ოცნების“ ე.წ. ხელისუფლებისა და კახა კალაძის მხრიდან გამოჩნდა, გამოწვეულია იმით, რომ მოახლოებულია ადგილობრივი არჩევნები და თითოეული გაბრაზებული სამგორელი, ვარკეთილელი მათთვის ნიშნავს ელექტორალურ რღვევას. სწორედ ამიტომ მოვიდა გუშინ აქ კახა კალაძე და არა იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა იგრძნო და სინდისმა შეაწუხა. ამაზე სამგორელებმა, ვარკეთილელებმა და ზოგადად, თბილისელებმა უნდა გასცენ სწორი, ადეკვატური და ღირსეული პასუხი. ეს პასუხი შეიძლება იყოს ერთადერთი, რომ ვერცერთი ხმა კახა კალაძემ ვერ წაიღოს სამგორიდან, ვარკეთილიდან და სწორედ ამით აგოს პასუხი იმ გულგრილობისთვის, არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში დამართა მეტროსადგურ „ვარკეთილს“, – განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
