ისანში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, კონკრეტული პასუხი მერიისგან არ მიუღიათ. აქ შეიძლება დატრიალდეს ისეთი ტრაგედია, როგორიც მოხდა „სადგურის მოედანზე“,- ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც დედაქალაქში არსებულ ავარიულ კორპუსებს ეხებოდა.
მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით 10 ათასზე მეტი ავარიული სახლია.
„თბილისში მომხდარი მძიმე შემთხვევის შემდეგ, როდესაც „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ავარიული შენობა ჩამოინგრა და 2 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, „ლელო ძლიერი საქართველოს“ თბილისის არაერთმა მაცხოვრებელმა მომართა, მომართვები იყო თბილისის ყველა რაიონიდან.
ახლა ვიმყოფებით ისანში, ერთ-ერთ ავარიულ სახლთან, რომლის მესაკუთრეებმა, ჯერ კიდევ 2013 წლიდან არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, დღემდე კონკრეტული პასუხი მერიისგან არ მიუღიათ. აქ შეიძლება დატრიალდეს ისეთი ტრაგედია, როგორიც მოხდა „სადგურის მოედანზე“, აღნიშნულზე პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ კალაძე და თბილისის მერია. იცით, რომ თბილისის მასშტაბით არის 10 ათასზე მეტი ავარიული სახლი, ამ სახლების გამაგრებისთვის გამოყოფილი თანხა ნათლად აჩვენებს, რომ კალაძისთვის პრიორიტეტი არ არის ამ ადამიანების გასაჭირი, უსაფრთხოება და სიცოცხლე“, – აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
