ნიკა ჩერქეზიშვილი – გიორგი გახარიას მიმართ ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორება ხდება – რაც შეეხება ოპოზიციას, არ შეიძლება ფრაგმენტირებული და ერთმანეთის მლანძღველი იყოს, რადგან ერთმანეთის გარეშე ამ მონსტრს ვერ დავამარცხებთ

ეს არის ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორება. გიორგი გახარია მათ გუნდს წარმოადგენდა და შესაბამისად, ძალიან ბევრ რამეზე შესაძლოა დახუჭეს თვალი, რაზეც ახლა აეხილათ – „ოცნების“ მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში მოკლას პოლიტიკა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ გეგმას მიყვება და წარმატებით ასრულებს იმის გამო, რომ ოპოზიციის მხრიდან არ ხდება ამ ყველაფერზე ადეკვატური რეაგირება.
„ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება. „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, თუ იყო დანაშაულის ნიშნები, ეს გამოეძიებინა. მაშინ პოლიტიკურად ეს არ ჩათვალეს მიზანშეწონილად. გიორგი გახარია მათ გუნდს წარმოადგენდა და შესაბამისად, ძალიან ბევრ რამეზე შესაძლოა დახუჭეს თვალი, რაზეც ახლა აეხილათ. 20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და ამ კითხვებზე იყო პასუხი გასაცემი მათ შორის, გიორგი გახარიას მხრიდანაც. ეს არის ცალსახად პოლიტიკური ანგარიშსწორება. მთავარი ამბავი არის ის, რომ ეს არ ხდება ფრაგმენტულად, ეს არის სისტემური, თანმიმდევრული პროცესი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკვე მოჰყვება დიდი ხსნის განმავლობაში და ყოველ საფეხურს ასრულებს წარმატებით იმის გამო, რომ ოპოზიციის მხრიდან არ ხდება ადეკვატური რეაგირება ამ ყველაფერზე. ამას სჭირდება რაღაც სისტემური დაპირისპირება, ერთიანი დაპირისპირება და არა ფრაგმენტული ოპოზიცია, ყველას თავისი დღის წესრიგი რომ აქვს. ამას აუცილებლად სჭირდება, რომ ჩვენ მათ ყველა ფლანგზე დავუპირისპირდეთ. „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის ის, რომ საქართველოში მოკლას პოლიტიკა, მოკლას პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული ინსტიტუტები გააუქმოს და ამისკენ მიდის. სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან კარგად გამოიყენეს საამისოდ. მათ შორის მათ ამ პროცესში დაეხმარათ გარკვეული ოპოზიციური ძალები, როცა გარკვეულმა ძალებმა თქვეს უარი ს იდეაზე და დემოკრატიულ ინსტიტუციურ ბრძოლაზე. სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, აზრი არ აქვს სასამართლოში სიარულს და ა.შ. ინსტიტუციურ ბრძოლაზე რომ ვთქვათ უარი, ეს არის ძირითადი შეცდომა.
ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი, ჯანსაღი პროტესტი, თუმცა ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ეროვნული პროტესტი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რომელიმე პარტიის დიქტატს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახდინონ მისი მონოპოლიზაცია და ამის საფუძველზე გარკვეული დივიდენდები მიიღონ აქედან. ეს უნდა იყოს საერთო, სახალხო, ეროვნული პროტესტი, რომელთა ნაწილიც უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები. პარალელურად მათ უნდა აწარმოონ პოლიტიკური პროცესი. ეს დაირღვა და ამან მოიტანა ძალიან მძიმე შედეგები და სწორედ ამან მისცა ის ბიძგი, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს – ბოლომდე სპობს პოლიტიკას, იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს, კლავს პოლიტიკურ პროცესს. ამის შედეგია ის, რომ 20%-იანმა თბილისის მერმა, მ მოიგო თბილისის არჩევნები და გახდა თბილისის მერი.
ეს სამივე კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, უნდა გავიაზროთ, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება ხელოვნურად, ეს უნდა მოხდეს ორგანულად. არ შეიძლება ოპოზიციის ოპოზიცია იყო, თავს დავესხათ ერთმანეთს. ჩვენ არასდროს, ჩვენ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არ ვპასუხობდით და ვმუშაობდით ამომრჩეველზე, ელექტორატზე. იმიტომ, რომ ელექტორატს სჭირდება მობილიზება, ორგანიზება. „ქართული ოცნება“ უკვე მუშაობს ჩვენს, ოპოზიციურ ამომრჩეველზე. მესამე ვადით არის ქალაქის მერი და წინა ორი ვადის განმავლობაში არ ჰქონდა მას მოქალაქეებთან მიღებები, ახლა დაიწყო. უკვე „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ოპოზიციურ ელექტორატზე მუშაობა, იმიტომ, რომ აქეთა მხრიდან ალტერნატივას ვერ ვთავაზობთ. ალტერნატივა არ შეიძლება იყოს ფრაგმენტირებული ოპოზიცია, არ შეიძლება იყოს ერთმანეთის მლანძღველი ოპოზიცია. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. ერთმანეთის გარეშე ამ მონსტრს ვერ დავამარცხებთ.
რაც შეეხება 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციას, ჩვენ რამდენჯერაც ამ პროცესში მივედით რუსთაველის გამზირზე, იმდენჯერ დაგვიპირისპირდნენ პოლიტიკური ძალები, თქვეს რომ, იქ ჩვენი ადგილი არაა. ახლა შეცვალეს ეს რიტორიკა, დაინახეს, რომ რეალურად 4 ოქტომბრის შემდეგ, რაც რეალურად იყო სპეცოპერაციაც, დიდი ზიანი მოუტანა ქართველ ხალხს და ქართველ ერს, გააძლიერა „ქართული ოცნება“. ამის შემდეგ გაიაზრეს, რომ ვერანაირი მშვიდობიანი დამხობა ვერ მოხდება, ეს არც უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ საქართველომ ეს მრავალი წლის განმავლობაში გაიარა. ყოველთვის დამანგრეველ შედეგებამდე მივედით. საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ერთადერთი არჩევნების გზით, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი. მშვიდობიან პროტესტს, რომელიც გამოხატავს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ჩვენ ყოველთვის შევუერთდებით. ეს უნდა მოხდეს, ბუნებრივად, ორგანულად“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.