ფინანსისტ ნიკა შურღაიას განცხადებით, „იმედი ბანკი“ ვერ იქნება კლასიკური ბანკი, რომელიც საბანკო ოპერაციებს სრულყოფილად შეასრულებს.
“იმედის ბანკი” იქნება ჩაკეტილი სივრცე… ფარცხალაძეების და სხვა სანქცირებულების თავშესაფარი“, – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
როგორც 27 თებერვალს გახდა ცნობილი, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას მედიაჰოლდინგმა საკუთარი ბანკის დაფუძნების ანონსით უპასუხა.
ნიკოლოზ შურღაია პროგნოზირებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი, “იმედის ბანკის” ფუნქციონირება უკიდურესად შეზღუდული და იზოლირებული იქნება.
ჟურნალისტის კითხვას, რა ტიპის ოპერაციების შესრულებას შეძლებს დასანქცირებული მედია ჰოლდინგის მფლობელების მიერ შექმნილი ბანკი და ექნება თუ არა მას კავშირი სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან, ფინანსისტმა ასეთი პასუხი გასცა:
“ჩემი ხედვით, სხვა ბანკებთან ისინი საკორესპონდენტო ურთიერთობებს ვერ დაამყარებენ, იმიტომ რომ მაშინ ის ბანკებიც [სანქციების რისკის ქვეშ] აღმოჩნდებიან. “იმედის ბანკი” სხვა ბანკებთან ანგარიშებს ვერ გახსნის. შესაბამისად, ეს იქნება რაღაც ასეთი ჩაკეტილი, პატარა სივრცე, სადაც ნაღდ ფულს შეიტანენ – აი, დღევანდელი VTB ბანკი როგორც არის ანუ იქ თანამშრომლები მუშაობენ, ხელფასს იღებენ, რაღაცა ხდება, მაგრამ ვერავითარ [საერთაშორისო ოპერაციას ვერ ასრულებენ], ნაღდი ფულით უფარავს ხალხი მას ვალს და ა.შ. იქნება რაღაც ასეთი ჩაკეტილი სივრცე და თავშესაფარი ბატონი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და სხვა დასანქცირებული პირების, რომლებიც შეიძლება მომრავლდნენ.
ჩემი პროგნოზით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს ბანკი საერთოდ შეიქმნას, რადგან ამას კარგა ხანი დასჭირდება, იქამდე ბევრი რამე მოხდება, შეიცვლება და შეიძლება კიდევ გამრავლდეს პრობლემები“, – განაცხადა ნიკა შურღაიამ.
ყოფილმა ბანკირმა „წერტილთან“ ინტერვიუში „იმედის ბანკის“ შექმნის განცხადება შეაფასა როგორც ქართული საბანკო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების აღიარების დასტური.
“თავად ის ფაქტი და განცხადება, რომ საკუთარი ბანკის გახსნას გეგმავენ, აშკარას ხდის, რომ არცერთმა ქართულმა ბანკმა არ მოისურვა მათი მომსახურება. თუ რაიმე ფარული მაინც არსებობს, ისიც აუცილებლად გამოაშკარავდება. რატომ?! მოდით, ასე ჩავუღრმავდეთ: თითოეული ბანკი, როდესაც ის საკორესპონდენტო ურთიერთობებს ამყარებს ანუ ანგარიშსწორებისთვის ანგარიშებს ხსნის სხვა ბანკთან, ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარები. იქ ყოველთვის არის ასეთი კითხვები: გაქვთ თუ არა კავშირი ვინმე სანქცირებულთან? აქვს თუ არა რომელიმე სანქცირებულ პირს თქვენთან ანგარიში? ფიქსირდება თუ არა ანგარიში ირანთან და ა.შ. შესაბამისად, ეს საკითხი მხოლოდ ბანკის ხელმძღვანელს არ ეხება; მასაც რომ დაავალონ სიმართლის დამალვა, პროცესში დაბალ რგოლზე ბევრი ადამიანია ჩართული. ასე მარტივი არ არის, რომ ამდენმა ადამიანმა, ფაქტობრივად, ჯგუფურ სიცრუეში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ნიკა შურღაიამ.
ყოფილი ბანკირის თქმითვე, საკუთარი ბანკის შექმნაზე ტელეკომპანია “იმედის” განცხადება არის იმის დასტურიც, ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასაცავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას მიერ გამოცემული “საგამონაკლისო წესის” მიუხედავად, ბანკებმა საკუთარი საერთაშორისო რეპუტაცია და დასავლურ ბანკებთან საკორესპონდენტო კავშირები უფრო მაღლა დააყენეს.
სებ-ის დილემა და ლიცენზირების „ფასი“
თუ ეროვნული ბანკი „იმედის ბანკზე“ ლიცენზიას გასცემს, ნიკოლოზ შურღაიას აზრით, ეს იქნება მარეგულირებლის მხრიდან „სულის სიმრუდეში“ მონაწილეობა. მისივე თქმით, ლიცენზირების პროცესში სებ-ის თანამშრომლებს მოუწევთ თვალის დახუჭვა რამდენიმე კრიტიკულ ფაქტორზე:
1. რეპუტაცია – ვინ იქნებიან ის „გმირი“ ადმინისტრატორები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლისთვის შექმნილ ბანკს ჩაუდგებიან სათავეში?!
2. ბიზნესგეგმა – რა მომგებიანობაზე შეიძლება საუბარი, როცა თავად მედიაჰოლდინგს 500-მილიონიანი ზარალი აქვს დაგროვილი?
3. საერთაშორისო პარტნიორები – საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი დაინახავენ, რომ სებ-ი პოლიტიკური შანტაჟის ქვეშ მოქმედებს.
საფრთხე ქართული საბანკო სისტემისთვის
ნიკოლოზ შურღაია მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი დარტყმა, რაც შეიძლება ქართულ საფინანსო სექტორს მიადგეს, სებ-ის მიერ „იმედის ბანკისთვის“ საბანკო ლიცენზიის მიცემის შემთხვევაში, რეპუტაციულია.
“სავარაუდოდ, უფრო რეპუტაციულ [დარტყმას] მივიღებთ… თუმცა საფინანსო სექტორში რეპუტაცია ძალიან ძვირი ღირს. ანუ, ვერ ვიტყვი, რომ ახლა პირდაპირ სანქცირების ობიექტი გახდება ეროვნული ბანკი – ცენტრალური ბანკის სანქცირება ძალიან დიდი და ძნელი ნაბიჯია, მძიმე ნაბიჯია და ვფიქრობ, მოერიდებიან; არ შეიძლება, ასე ძალიან დააზიანონ ქვეყანა, თუნდაც თავზე ხელაღებული ხელმძღვანელის ქმედების შემთხვევაში… მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს მიიღებს ეროვნული ბანკი და, შესაბამისად, უნამუსო მარეგულირებლის მიერ რეგულირებადი ინსტიტუციებიც ცუდი თვალით იქნებიან დანახული; ყველა ბანკი რაღაც ერთბაშად კიდევ უფრო ტალახშესხმული იქნება ვიდრე დღემდე იყო“, – განაცხადა ნიკა შურღაიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობა, რომ „ცუდი თამაშით კარგი სახე შეინარჩუნოს“, საფრთხეს უქმნის მთლიან ეკონომიკურ სტაბილურობას.
„ეს არის ტესტი ყველასთვის… რამდენად შეძლებენ ადამიანები შიშს გადააბიჯონ და საკუთარ სინდისთან შევიდნენ დიალოგში და თქვან, რომ „არა, მე აღარ მინდა ამ მოჯადოებულ წრეში ყოფნა“, – დასძინა ნიკოლოზ შურღაიამ.




