„ქართული ოცნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კეთროვანი ძალა გახდა – ეს ძლიერის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არ არის! ეს იმ ძალის ნაბიჯი არ არის, რომელსაც ლეგიტიმაცია, ნდობა გააჩნია და გუნდის შიგნით არის მყარად, – ასე აფასებს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ნიკა ფარულავა რვა ოპოზიციონერი ლიდერის, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის“ 4-ვე ლიდერის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სისხლისსამართლებრივ დევნას.
როგორც ფარულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, 2024 წლის 28 ნოემბრის აქციის რეალური ორგანიზატორი არა რომელიმე პროევროპული პარტია ან ოპოზიციონერი ლიდერი, არამედ ირაკლი კობახიძე იყო.
ფარულავას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რომელიც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოდ გრძელვადიანი და ბუნებრივი წინააღმდეგობაა, პარტიული ლიდერი ვერ უპოვეს, ამიტომ სურთ ისე გაასაღონ, თითქოს იქ პარტიები არიან.
ფარულავამ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში კობახიძემ გამოიწვია.
“ყველაფერი ჟანრის კანონითა და იმ ლოგიკით მიდის, რასაც “ქართული ოცნება“ ავითარებს. ჩემი აზრით, ეს 2012 წლიდან ხდება, მაგრამ განსაკუთრებულად ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში. ის რაც 28 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მეტად გამოკრისტალდა არის ქვეყნის სრული იზოლაცია იმის ხარჯზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა ის სარგებელი დაკარგოს, რასაც ჩვენ ცივილური სამყაროსგან ვიღებთ – იქნება ეს ევროკავშირი თუ აშშ-ი. “ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ამ ყველაფრის დაკარგვის ხარჯზე ინარჩუნებს. საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის კეთილდღეობას ისინი ერთი ადამიანის ტოტალურ ძალაუფლებაში ცვლიან. ცვლიან იმაში, რომ საბოლო ჯამში, მხოლოდ ისინი იყვნენ კარგად.
ეს არ არის ძლიერის პოზიციიდან გადადგმული ნაბიჯები, რადგან ძლიერს არ სჭირდება, რომ საზოგადოების ნაწილს ძალის ენით ელაპარაკოს, ამით შიშის დანერგვას ეცადოს და პოლიტიკური დევნის მექანიზმები გამოიყენოს.
პროკურატურამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 28 ნოემბრის აქცია პოლიტიკოსების მიერ იყო დაგეგმილი. იმ დღეს ამ მასშტაბით გარეთ გასვლას არავინ აპირებდა. თუკი ვინმემ ეს აქცია დაგეგმა ირაკლი კობახიძე და მისი მოღალატეობრივი განცხადება იყო, როდესაც ჩვენს ისტორიულ მიზანზე ღიად და ცხადად უარი განაცხადა. ისევე როგორ იანუკოვიჩმა 2014 წელს, როცა უკრაინაში მაიდანის მოვლენები დაიწყო. თუკი ვინმე არის ამის ორგანიზატორი, ეს არის ირაკლი კობახიძე და არა რომელიმე პროევროპული ძალის პოლიტიკური ლიდერი. პოლიტიკური კრიზისი კობახიძემ გამოიწვია“, – განაცხადა ფარულავამ.
ფარულავას თქმით, მთავარი პროკურორის მიერ გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ევროპული, ბრიტანული და ამერიკული სანქციების ქვეშ არის 300-ზე მეტი ადამიანი და “ქართულ ოცნებას“ სანქციები აწუხებს.
“ერთი კვირის შუალედში ჯერ შალვა პაპუაშვილმა, შემდეგ ივანიშვილის პოლიტიკურმა პაიკებმა და გუშინ გენერალურმა პროკურორმა თქვეს, რომ სანქციების გამო დაისჯებითო. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე ჯერ ამბობდა, რომ არანაირი სანქციები არ იქნებოდა, შემდეგ თქვეს, რომ სანქციები არ მუშაობდა, ამბობდნენ დასანქცირებული არ ვართო და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ევროპული, ბრიტანული და ამერიკული სანქციების ქვეშ არის 300-ზე მეტი ადამიანი, თურმე ეს აწუხებთ და ამის გამო ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც დასავლეთს გვწყვეტს და საქართველოს მოქალაქეებს რეალური მშვიდობის სივრცეში მოხვედრის შესაძლებლობას ართმევს.
“ქართული ოცნება“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ კეთროვანი ძალა გახდა. ამას გამოიწვია ის, რომ სანქცირების პოლიტიკა ამუშავდა და ამუშავდა მათ შორის ისეთ დონეზე, რომ შეიძლება ლუკაშენკოს “შეშურებოდა“.
100 დღეზე მეტია ირაკლი კობახიძე მის წერილზე პრეზიდენტ ტრამპის პასუხს ელის და საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ტრამპის ადმინისტრაცია და ‘ქართულ ოცნება“ ერთ ღირებულებებზე დგანან. გუშინ კი, პრეზიდენტი ტრამპი შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. “ქართული ოცნება“ ვერც აშშ-სთან და ვერც ევროკავშირში ვერავისთან, გარდა პრორუსული ჯგუფებისა, რომელიც ყველგან უმცირესობაშია, ურთიერთობების დალაგებას ვერ შეძლებს. არავის სჭირდება ძალა, რომელიც ფუნდამენტურ პრინციპს უარყოფს – ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ფარულავამ.
“დღის ნიუსრუმის“ სტუმარმა საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის დაბრუნებაც შეაფასა, რომელიც თბილისში კონსულტაციების შემდეგ ჩამოვიდა. მისი თქმით, გერმანიას შეუძლია ევროკავშირში ისეთი პოლიტიკის წარმოებას მისცეს მიმართულება, რომელიც “ქართული ოცნების“ ლიდერების და მათი ოჯახის წევრების მიმართ კიდევ უფრო მეტად ხისტი იქნება.
“გერმანიას შეუძლია მიმართულება მისცეს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა პერსონალური სანქციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით. ასევე, სავიზო შეზღუდვები იქ არსებულ ქონებებსა და ბიზნესებზე გარკვეულ შეზღუდვების დაწესებაში გადაიზარდოს“, – განაცხადა ნიკა ფარულავამ.




