ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არის რუსული კანონის ანალოგი, – ამის შესახებ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე, იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას არანაირ სიკეთეს არ მოუტანს.
„ეს კანონი ყველანაირ ევროპულ ღირებულებასა და პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს, ცალსახად, არის იმ კანონის ანალოგი, რომელიც 2012 წელს რუსეთში მიიღეს და რომელმაც, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გაქრობა გამოიწვია. ამაზე არის როგორც პოლიტიკური, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შეფასება, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არის რუსული კანონის ანალოგი.
რა პროცესიც პარლამენტში მიმდინარეობს, ეს ჩვენ წინა წელს ვნახეთ და საზოგადოებამ, თქვა – „არა რუსულ კანონს“ და კიდევ იტყვის. ეს კანონი ქვეყანას არ სჭირდება და სიკეთეს არ მოუტანს.
ხელისუფლება ამ კანონპროექტს უკან თავისით არ გაიწვევს. ერთადერთი გზა პროტესტია, რომელიც საზოგადოებაშია და კიდევ იქნება”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.