ქრთამის შეთავაზებას რაღაც მიზნით უნდა აკეთებდე – „ქოცური“ ლოგიკით, სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც ადამიანი გდდ-ს თანამშრომელს დანაშაულის არჩადენის გამო კონკრეტულ თანხას სთავაზობს მაშინ, როდესაც პირადი გამორჩენის მიზანი მას არ აქვს,- ამის შესახებ იურისტმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
სიმონიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ „სამართალი დღეს მხოლოდ ცალმხრივად მუშაობს“.
„ქრთამის შეთავაზების ნორმას აქვს მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს გულისხმობს მიზანს. რაღაც მიზნით უნდა აკეთებდე ამას – პირადი ან მესამე პირისთვის სარგებლის მიღების მიზნით, ანგარება უნდა გქონდეს, სარგებლის მიღების მიზანი უნდა გქონდეს. ერთია, რომ ფორმალურად დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა და ამას სუს-ი ვერ ადასტურებს, მაგრამ მეორე მომენტია, რომ დღეს მთელი პრობლემა ისაა, რომ სამართალი დღეს მხოლოდ ცალმხრივად მუშაობს. ქართული ოცნება“ მხოლოდ სხვის ქმედებაში ხედავს უკანონობას და საკუთარში – არა. „ქოცური“ ლოგიკით გდდ-ს თანამშრომლებისთვის უკანონოდ აქციის დარბევის დავალების მიცემა, აქციის მონაწილეების წამება, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება უკანონობა არაა და ამისთვის თუ პრემიას მისცემ, ესეც არაა უკანონო, მაგრამ კანონიერი ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში და „ქოცური“ ლოგიკით, სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც ადამიანი გდდ-ს თანამშრომელს ეუბნება, დანაშაული არ ჩაიდინო და დანაშაულის არჩადენის გამო კონკრეტულ თანხას სთავაზობს მაშინ, როდესაც პირადი გამორჩენის მიზანი მას არ აქვს. როდესაც ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის კასკადი ეწყობა, ასე გადაწყვიტა ამ პოლიტიკოსმა ამ ყველაფერთან დაპირისპირება. თუმცა, სამართლებრივად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, სისხლის სამართლის დანაშაულის 339-ე მუხლის შემადგენლობას არ იძლევა“,- განაცხადა სიმონიშვილმა.
ნიკა სიმონიშვილის აზრით, ხაბეიშვილის სწორედ ახლა დაკავება 4 ოქტომბერს დაანონსებულ შეკრებას უკავშირდება.
„რაში დასჭირდათ ხაბეიშვილის დაკავება – ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. 4 ოქტომბრის, დიდი შეკრების (როგორც თვითონ ამბობენ) ერთ-ერთი ორგანიზატორია ეს ადამიანი. შესაბამისად, ის, რომ ამ შეკრების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება დიდი ხნით ადრე იყო გაკეთებული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ ახლა მოექცა და პირდაპირ ჯუანშერ ბურჭულაძესთან „ლინკავენ“. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური მიზანია მთავარი ამოსავალი, მით უმეტეს, როდესაც ამას არავითარი სამართლებრივი გამართლება არ აქვს“,- განაცხადა სიმონიშვილმა.




